პაატა იმნაძე: დადგა ეტაპი, როდესაც, მეტნაკლებად, ამ ვირუსს ვიცნობთ, ამიტომ დღეს რჩება ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვა, მეტი – ჩვენი თვითშეგნება

“დადგა ის ეტაპი, როდესაც, მეტნაკლებად, ამ ვირუსს ვიცნობთ, ამიტომ დღეს რჩება ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვა, მეტი – ჩვენი თვითშეგნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძიის თქმით, მოქალაქეებმა თავად უნდა გამოიჩინონ თვითშეგნება და წესებს დაემორჩილონ.

„როდესაც საერთოდ არაფერი ვიცოდით ამ ვირუსზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი რჩევა, რეკომენდაცია იყო ის, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა ადამიანების მობილობა, რათა დაავადებისთვის გავრცელების შანსი არ მიგვეცა. თქვენ როგორ შეხედავთ, არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, მოვახერხეთ, რომ არ გავრცელდა ქვეყანაში დაავადება.

ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც, მეტნაკლებად, ამ ვირუსს ვიცნობთ. სამწუხაროდ, მასში ჯერ კიდევ ბევრი რამ ამოუცნობია, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. ამიტომ დღეს რჩება ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვა, მეტი – ჩვენი თვითშეგნება.

არ გვინდა, რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავცელებული? დავიცვათ ელემენტარული წესები. თუ არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი ისევ გავრცელდება. კი, ამას ნაკლები შეზღუდვა მოყვება, ისეთი აღარ იქნება, მაგრამ სასიამოვნო ხომ არაა, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე ჰოსპიტალიზებული იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძემ ფრენებისა და საზღვრების გახსნის საკითხზეც ისაუბრა.

„როცა ასეთი რამ ხდება, როცა შენ რაღაცას გაგიხსნიან და გამონაკლისი ხარ მთელს მსოფლიოში, ყველაფერი ჩემს გადაწყვეტილებაზე იყოსო, არ არის. ჩვეულებრივ ეს ორმხრივია ხოლმე. ეს იქნება ჩვეულებრივ მოლაპარაკების საგანი. ვნახოთ, რა პირობები იქნება, რომელი იქნება ჩვენთვის მისაღები, რომელი – არა“, – დასძინა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები