გარემოს დაცვის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთში, სოფელ ბევრეთში სამუშაოების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე – დავით ალადაშვილი ადგილზე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ, ტყის ახალი კოდექსის მიხედვით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. სოციალური ჭრების გაუქმებამდე, სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია გაუადვილებს მოსახლეობას სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანას.
ეროვნული სატყეო სააგენტო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენცული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. შედეგად, გაუმჯობესდება ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობა.