უცხოური მედია: საქართველო მეზღვაურებისთვის „უსაფრთხო ჰაბად” გადაიქცა
„საქართველო მეზღვაურებისთვის „უსაფრთხო ჰაბად” გადაიქცა”, „საქართველო მეზღვაურთა როტაციას ნებადართულად აცხადებს”, – ასეთი სათაურებით გამოაქვეყნეს სტატიები მსოფლიოს წამყვანმა დარგობრივმა გამოცემებმა – Hellenic Shipping News, Marine Insight, Cyprus Shipping News, Safaty4sea, MarineLink და Maritime Business World.
გამოცემები საქართველოს მთავრობის 15 ივნისს იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვით საქართველო შეუერთდა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ კომპანიას და მეზღვაური – “საკვანძო პროფესიად” გამოაცხადა.
„საქართველო არის ერთერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც აღიარა და განსაზღვრა მეზღვაურთა სტატუსი, როგორც „საკვანძო პროფესიის” წარმომადგენლები”, – წერს Cyprus Shipping News-ი.
Marine Insight-ი წერს, რომ „საქართველო გამოიყენებს კორონავირუსის გავრცელების რისკების მართვის წარმატებულ გამოცდილებას მეზღვაურთა რეპატრიაციისა და როტაციის ხელშესაწყობად”.
Hellenic Shipping News-ის ფურცლებზე აღინიშნება, რომ საქართველო უსაფრთხო ჰაბის ფუნქციას იძენს, სადაც საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, გემთმფლობელებს სპეციალური ზომების დაცვით ქვეყანაში მეზღვაურების მიღებასა და საბოლოო დანიშნულებამდე მიღწევაში ტრანზიტის როლის შესრულებას შესთავაზებენ.
„გემის ეკიპაჟის შეცვლა გინდათ? – სცადეთ საქართველო, შავი ზღვა”, – გემთმფლობელებს ამ რჩევას Maritime Bulletin-ი აძლევს.
„ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და გლობალური პანდემიის ფონზე ქვეყანაში არსებული მშვიდი ვითარების გათვალისწინებით, ეს გადაწყვეტილება ბევრი გემთმფლობელისთვის გამოწვევის დაძლევის ერთადერთ შესაძლებლობად შეიძლება, იქცეს”, – ნათქვამია სტატიაში.
პანდემიით შექმნილი უპრეცედენტო ვითარების გამო, მსოფლიოს მასშტაბით 300 ათასზე მეტი მეზღვაური ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას, ხოლო მილიონამდე მეზღვაური – გემზე დასაქმებას. პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) წელს წამოიწყო კამპანია „მეზღვაური საკვანძო პროფესიაა!” – და მოუწოდა წევრ ქვეყნებს, თავიანთი წვლილი შეეტანათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში.
საქართველომ მარტიდან აქტიურად დაიწყო ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციისა და როტაციის პროცესი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, დღეისთვის დახმარება 1000-ზე მეტ მეზღვაურს გაეწია.
მეზობელ ქვეყნებთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს დღეისთვის აქვს „მწვანე დერეფნები”.
აღნიშნული დერეფნის ეფექტური და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული იქნა საქართველოს ტერიტორიაზე მეზღვაურთა უსაფრთხო გადაადგილების, მათი ქვეყანაში/ქვეყნიდან მიიღება/გაცილებისა და საკარანტინო სივრცეში მოთავსების წესები, ხოლო ეკიპაჟის ცვლილების პროცესის ორგანიზებასა და კოორდინაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწევს.