300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის ყალბი დოკუმენტების დამზადება – სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300-ლარიანი კომპენსაციის უკანონოდ მისაღებად, ერთერთი კომპანიის სახელით, ხუთ მოქალაქეს დაუმზადეს ყალბი ცნობები და ქვეიჯარის ხელშეკრულებები, თითქოსდა, ისინი თბილისში, კომპანიისაგან ქვეიჯარით აღებულ დახლზე ეწეოდნენ ძვირფასი ლითონებითა და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობას. ბრალდებულებმა, თითოეული ასეთი ცნობა გაასაღეს 100 ლარის საფასურად.
გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.