არჩილ თალაკვაძე: “ფეიკნიუსთან” საჭიროა ბრძოლა და სიცრუეზე პასუხების გაცემა – ვეთანხმები და მხარს ვუჭერ კახი კალაძეს

„მინდა მხარი დავუჭირო კახა კალაძის ინიციატივას – “ფეიკნიუსთან” საჭიროა ბრძოლა და სიცრუეზე პასუხების გაცემა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, „პოსTV”-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძე, როგორც მერი ბევრს აკეთებს, ქალაქისთვის ბევრ საჭირო პროექტს ახორციელებს და ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, არის შეტევები ოპოზიციის მიერ კონტროლირებული მედიიდან რეალობის დამახინჯებით და ყალბი ამბებით.

თბილისის მერის პროექტზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ნიშნავს ყალბი ინფორმაცია და როგორ გავლენას ახდენს ის საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მისი თქმით, ე.წ. ფეიკ ნიუსი თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა და ის განსაკუთრებით დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის ხდება პრობლემა, სადაც არის მედია განვითარებული და თავისუფლების ხარისხი მაღალია.

„ფეიკნიუსი” აზიანებს თავისუფლების იდეას, აზიანებს დემოკრატიას და ამახინჯებს რეალობას, მოქალაქეებს ხელს უშლის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. შესაბამისად, აზიანებს ჯანსაღ საზოგადოებრივ პროცესს, კულტურას, ეკონომიკას და პოლიტიკასაც. ცხადია, როდესაც ადამიანები უყურებენ სხვადასხვა მედიასაშუალებებს და იღებენ არასწორ, დამახინჯებულ ინფორმაციას, ბუნებრივია, შემდგომში მათი გადაწყვეტილებებიც არის ამ ინფორმაციაზე დაფუძნებული და ეს გადაწყვეტილებები საბოლოოდ ისევ მოქალაქეებს აყენებს ზიანს. ფეიკნიუსთან საჭიროა ბრძოლა და სიცრუეზე პასუხების გაცემა – ამიტომ, ვეთანხმები და მხარს ვუჭერ კახი კალაძეს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ამას გარდა, პოლიტიკაში არის ასეთი კანონზომიერება, რომ ტყუილი, რომელსაც 24 საათში არ გაეცემა პასუხი, სიმართლე ხდება და ამიტომ, პოლიტიკოსები ვალდებულები არიან, უსაფუძვლო განცხადებებს, სიცრუეს და დამახინჯებულ ინფორმაციას დროულად უპასუხონ. პარლამენტის თავმჯდომარემ მოიყვანა მაგალითიც, რომელიც ტელეკომპანია “მთვარის” ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდებოდა კორონავირუსთან დაკავშირებით.

„ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და ძალიან მძიმე მაგალითი არის ბოლო პერიოდში ტვ “მთავარის” ეთერში გასული ფეიკ სიუჟეტი, რომლითაც საზოგადოებას უმტკიცებდნენ, თითქოს მოქალაქეებს სახელმწიფო სთავაზობდა ფულს იმისთვის, რომ სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევები გაესაღებინათ როგორც კოვიდ19-თან დაკავშირებული. კოვიდ19-თან ბრძოლა ის საკითხია, სადაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორებმა და ორგანიზაციებმა წარმატებულად შეაფასეს და ჩვენი ქვეყანა გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და ეფექტური სახელმწიფო, რომელსაც აქვს უნარი ბიოლოგიურ საფრთხეებსაც გაუმკლავდეს. როდესაც ასეთ სახელმწიფოებრივ თემებს შენ უპირისპირდები ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ინტერვიუებს და თარგმანებსაც აყალბებ, ეს, თავისთავად, არის უმძიმესი და მიმართულია შენი საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ. სწორედ ამაზე პასუხების გაცემა, მიმაჩნია, რომ არის სწორი და აუცილებელი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები