საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი განიხილა

​საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის დაჩქარებული წესით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა და ვიცეპრეზიდენტთა რაოდენობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ითვალისწინებს, კერძოდ: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 7 წევრის ნაცვლად განისაზღვრება 9 წევრით, ხოლო ვიცეპრეზიდენტთა რაოდენობა 2 ის ნაცვლად – სამით.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტით, იცვლება ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა და აღნიშნული 4 წევრის ნაცვლად განისაზღვრება 5-ით. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა ამჟამად 5 წევრს შეადგენს, საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, განისაზღვრება გარდამავალი რეგულირება, კერძოდ, გარკვეული პერიოდი – 2021 წლის 1-ელ იანვრამდე ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილი იქნება, შეასრულოს თავისი ფუნქციები იმ შემთხვევაშიც, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ს შეადგენს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები