კახა კალაძე: არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები კორპუსების თუ სხვადასხვა ოფისის მშენებლობებს შეეწიროს
“არ დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები კორპუსების თუ სხვადასხვა ოფისის მშენებლობებს შეეწიროს. ჩვენ ქალაქში გვაქვს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ დეველოპერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განვითარდნენ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაქალაქში რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნას.
„მე არ შემიძლია, არ ვისაუბრო რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზე და მგონი, ყველა ხედავს ჩვენს მიდგომსა და დამოკიდებულებას, თუ რამდენი პროექტი იქნა განხორციელებული. ეს არის გამგეობების მხრიდან სკვერების რეაბილიტაცია, არსებული პარკების განახლება-მოწესრიგება, ახალი პარკების მშენებლობის დაწყების პროექტების შექმნა იმისთვის, რომ შევძლოთ და მომავალში განვახორციელოთ საქალაქო დონის პარკების მშენებლობა. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შეიქმნას დედაქალაქში, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება და შესაძლებლობა, დაისვენონ სასიამოვნო, მწვანე გარემოში შვილებითა და შვილიშვილებით.
ის დრო, როდესაც სპორტული მოედნების ხარჯზე, როდესაც რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე ხდებოდა მშენებლობების განხორციელება, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენი მთავრობის პირობებში ვერ და არ მოხდება. არ დავუშვებთ იმას, რომ რეკრეაციული სივრცეები და სპორტული მოედნები შეეწიროს კორპუსების მშენებლობას თუ სხვადასხვა ოფისის მშენებლობებს. ჩვენ ქალაქში გვაქვს საკმარისი სივრცე იმისთვის, რომ დეველოპერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განვითარდნენ და განახორციელონ პროექტები, რომლებიც დაგეგმილი აქვთ, მაგრამ ეს არ მოხდება სპორტული და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე“, – განაცხადა კალაძემ.