“ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა დანაყოფით, 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოებისა და 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერი ყველა მხარის წინაშე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს – მდინარაძის თქმით, ეს ერთი პარტიის მიერ დაგეგმილი პიარკამპანიაა.
„მიუხედავად წინა დღეებში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც. საქართველოს კონსტიტუციაში მივიღებთ ცვლილებებს, რომლებიც საზოგადოებრივი კონსენსუსის თანახმად, ემსახურება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე, უკვე ცალსახად და გადაჭრით შეიძლება, ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობ, პირველ ყოვლისა, ქართული საზოგადოების წინაშე და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერი ყველა მხარის წინაშე. მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას იმის შესახებ, რომ პროექტისთვის მხარი დაეჭირა შეთანხმების ხელმომწერ ყველა მხარეს. ეს ადამიანები საზოგადოებრივ დაკვეთას კი არ ასრულებენ, არამედ თავიანთ გეგმებზე ზრუნავენ.
ჩვენ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ წავუკითხოთ და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რას მოეწერა ხელი 8 მარტს. ხელი მოეწერა იმ სისტემას, რომელმაც აღსრულებაში ჰპოვა ასახვა და რომელსაც დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას – ამის გაყიდვა ე. წ. პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობად, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ დაგეგმილი პიარკამპანიაა”, – განაცხადა მდინარაძემ.