ამირან გამყრელიძე: საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია და იძლევა საშუალებას, რომ შემსუბუქების პოლიტიკა გაგრძელდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია.

მისივე თქმით, დღეში კორონავირუსის 5-10 შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის, მთავარია, შემთხვევები ათეულობით არ იყოს.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში 27 აპრილიდან დაიწყო შემსუბუქების პროცესი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად იხსნება მთელი რიგი ბიზნესები ქვეყანაში, ეს ასეც უნდა იყოს. როგორც ხედავთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და ის იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში შემსუბუქების პოლიტიკა გაგრძელდეს, მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება საქმიანობის დაწყებისა, სამუშაოების, სამსახურების ისევ ამოქმედებისა და ა.შ. ამიტომ, თავისთავად, ამ შემსუბუქების პოლიტიკაში გარკვეული რისკები არის, მაგრამ ეს რისკები მართვადია. თუ ყველა შევასრულებთ წესებს, სწორედ გავიკეთებთ პირბადეს, ყველა დახურულ დაწესებულებაში მას გამოვიყენებთ, რისკი უფრო მინიმალური იქნება.

ირგვლივ მყოფ ქვეყნებს თუ შეადარებთ, საქართველოში დღევანდელ ეტაპამდე გვაქვს შედარებით მშვიდი სიტუაცია და მადლობა ეკუთვნის ამისთვის ჩვენს მოსახლეობას, რომელმაც სამი-ოთხი თვის განმავლობაში სერიოზული დამყოლობა გამოიჩინა, ასრულებდა იმ რეკომენდაციებს, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლეოდა. დღეს უფრო მეტია ჩვენი ვალდებულება, რომ მეტად შევასრულოთ ეს რეკომენდაციები. ხაზს ვუსვამ, რომ ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ ქვეყანაში. დღეს სიტუაცია მართვადია, კონტროლს ემორჩილება.

დღესაც განვაცხადე სხდომაზე, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია რაც გვაქვს დღიურად – სამი, ხუთი, იგივე ათი შემთხვევა, შეიძლება იყოს, რადგან ბევრი ქართველი, ჩვენი თანამემამულე ბრუნდება, შემოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან, კარანტინში ბრძანდებიან, კარანტინში აღმოვაჩინეთ რამდენიმე შემთხვევა ბოლო დღეებში, ეს მოსალოდნელია, მაგრამ მართვადია. არ არის პანიკის საფუძველი, თუ დღეში გვექნება 5-10 შემთხვევა. ჩვენ არ გვინდა, რომ გვქონდეს რამდენიმე ათეული, ამას უნდა ვერიდოთ და თქვენთან ერთად დავიცვათ ეს რეკომენდაციები, რათა 5-10 არ გახდეს რამდენიმე ათეული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები