სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრობარათების დარიგება გრძელდება
“სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრობარათების დარიგების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, შალვა ბერძენიშვილთან ერთად გაეცნო”,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„აგრობარათების დარიგების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დარიცხული აგროქულებით ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ ნაკლები დანახარჯებით, შეუფერხებლად განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა“, -განაცხადა ილია თამარაშვილმა.
სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფერმერები პროგრამაში აქტიურად არიან ჩართული.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის და აგრობარათების დარიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ფერმერები, დარიცხული ქულებით, სასოფლო-სამეურნეო საქონელს სპეციალიზებულ მაღაზიებში იძენენ.
ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე – myliberty.ge უნდა გადაამოწმონ, ხოლო ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა, აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით. 1,25-დან 10 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებსა და თანამესაკუთრეებს ხვნის მომსახურების მიღება სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიის სერვისცენტრებში შეუძლიათ. ხვნის მომსახურების საფასური 1 ჰა-ზე აგრობარათზე დარიცხული 150 ქულაა.
პროგრამის ბენეფიციარებს დარიცხული აგროქულების განაღდება 2021 წლის 20 მაისამდე შეეძლებათ. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.