კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
მოსწავლემ კადეტის სტატუსის მისაღებად რამდენიმე საფეხური: რეგისტრაცია, მისაღები გამოცდები და სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ლიცეუმში 2020 წლის 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მოსწავლეები აბარებენ ზოგადი უნარებსა და მათემატიკის გამოცდებს.
გამოცდები ჩატარდება 7 და 8 ივლისს თბილისსა და ქუთაისში. აპლიკანტი თავად შეარჩევს მისთვის სასურველ საგამოცდო ადგილს.
მათემატიკის გამოცდა 7 ივლისსს ჩატარდება, ზოგადი უნარების გამოცდა კი – 8 ივლისს.
გამოცდების შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას სამხედრო ჰოსპიტალში.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2020-2021 სასწავლო წლისათვის გათვალისწინებულია 121 მოსწავლის მიღება.
დაინტერესებულ პირებს დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ლიცეუმის ვებგვერდზე.