„უნდა გავიგოთ, ვინ გვაშინებს, ვინ გვემუქრება, 90 -იანი წლების ენით ვინ გველაპარაკება“, – კასრელიშვილი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე საუბრობს

“ეს ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხია”, – ამის შესახებ „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე კასრელიშვილმა განაცხადა, საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ.

„ყველამ იცის ის, რაც მედიაში გავრცელდა. ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა აქვს, დაკავებული ეთნიკურად ინგუში იყო, ჩეჩენი, თუ სხვა რომელიმე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი. ჩვენთვის მთავარია, ვიცოდეთ, რა მოხდა სინამდვილეში: მართლა იყო ლიკვიდაცია დაგეგმილი, თუ არა; თუ იყო დაგეგმილი, ვის მიერ იყო შეკვეთილი. იმდენად, რამდენადაც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება, საქართველოს სამართლადამცველმა ორგანოებმა, პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა მერე შემკვეთის მიმართ ინტერპოლით წითელ ცირკულარზე დასმა მოითხოვონ. მე არ ვამბობ, რომ დაიჭერენ, მაგრამ გავა, თუ არა რუსეთის ფარგლებს გარეთ, ყველგან პრობლემა შეექმნება.
გვინდა, შედეგი დადგეს, რადგან ეს ქვეყნის პრესტიჟის საქმეა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხია, სადღაც ვიღაც ზის და შეკვეთებს იძლევა განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების ყოფნა-არყოფნაზე, არის “ქილერი”, რომელიც დაცულია ძალიან მაღალი დონიდან, ამიტომ ამ საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა ჩაერთოს. მაგრამ ისინი რომ ჩაერთონ, ამისთვის სამართლებრივი საფუძველია საჭირო, გამოძიება ძალიან კარგად უნდა იყოს ჩატარებული და სასამართლოს გადაწყვეტილება გვეჭიროს ხელში“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ლიდერად ხელდასმული რამზან კადიროვის განცხადებამ აჩვენა, რომ ის ცდილობს, რეგიონში კრემლისთვის საჭირო და მისაღები კაცის როლი ითამაშოს.

„კადიროვის გამოხმაურებამ დამიტოვა შთაბეჭდილება მონა, დაჩოქილი კაცისა, რომელმაც თავად დაიჩოქა, თავისი ქვეყნის დაჩოქება უნდა და არ გამოსდის. თავს იწონებს ახლა. როგორც ჩანს, კრემლთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობები არ აქვს, თავისი მოჭამა და ცდილობს,ვრეგიონში კრემლისთვის საჭირო და მისაღები კაცის როლი ითამაშოს – კაცისა, რომელიც რეგიონში მოვლენებს ქმნის. მისმა განცხადებამ მაფიქრებინა ის, რომ ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს სკანდალის შინაარსს, მთავარია, რომ თავად იყოს მენტორი რეგიონში.
სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესი გვაქვს: უნდა გავიგოთ, ვინ გვაშინებს, ვინ გვემუქრება, 90 -იანი წლების ენით ვინ გველაპარაკება და ვინ ცდილობს, „აბაროტი“ აიღოს ძველბიჭურად, სხვის ტერიტორიაზე. გვაინტერესებს, ამ კაცს ვისი მოკვლა უნდოდა და ვინ დაავალა. დანარჩენზე ამის შემდეგ ვილაპარაკოთ. ოპერატიულად უნდა იქნას ეს გამოძიებული. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენზე მეტად ჩრდილო კავკასიელები და, ზოგადად, კავკასიელები მსოფლიოს 12 ქვეყანაში ელოდებიან გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, 15 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. ნიკა გვარამიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ დაკავებულს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა”, – წერია სუს-ის განცხადებაში.

რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ლიდერად ხელდასმული რამზან კადიროვი საქართველოში ვასამბეკ ბოკოვის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც კადიროვი “ტელეგრამ-არხზე” წერს, “მედიაში აქტიურად ციტირებენ საქართველოდან შეუმდგარი ჟურნალისტის განცხადებას. ამტკიცებენ, რომ მის წინააღმდეგ იგეგმებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ დაკვეთილი თავდასხმა”.

“ამჯერად, ამბობენ, რომ დააკავეს დაქირავებული მკვლელი, რომელიც კადიროვის შეკვეთით ქართველ ვაიჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის დავალებას შეასრულებს, ხოლო თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, მით უმეტეს, ღრმა უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყნები ამის შესახებ ვერ გაიგებენ. ხაზს ვუსვამ, თუ როგორ მიაყენა შეურაცხყოფა მან ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, შესაბამისად, პირადად მე. უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ – ყველა რუსი. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის ხელახლა აღზრდას”, – განაცხადა კადიროვმა .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები