გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: გაიმარჯვონ არჩევნებში და დაუბრუნდნენ 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც ხელისუფლება წყვეტდა, ვინ დაეჭირათ და ვინ არა
„გაიმარჯვონ არჩევნებში და დაუბრუნდნენ 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც ხელისუფლება წყვეტდა ვინ დაეჭირათ და ვინ არა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
ვოლსკის განცხადებით, გიორგი რურუას თემას იყენებენ პოლიტიკური ჯგუფები და ბრძოლაში, რომელიც მიმდინარეობს პოლიტიკურ ასპარეზზე, საზოგადოება უნდა გაერკვეს, თუ სად არის სიმართლე.
“არის საქართველო, რომელსაც აქვს უამრავი პრობლემა და ამ უამრავი გამოწვევის მიუხედავადა შეინარჩუნა სტაბილურობა და განვითარების და გადარჩენის პერსპექტივა ამ პანდემიის პირობებში. ნებისმიერი ექსპერტის შემოჭრა ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ინფორმაცია ჰქონდეს არ არის რეალისტური და არ არის დაფუძნებული იმ რეალობის აღქმაზე, რაც საქართველოში არსებობს. აქედან გამომდინარე, კარპენტერის განცხადება უნდა შევაფასოთ სწორედ ასეთი განზომილებით.
საკმაოდ რთული სიტუაციაა. რაც ზედაპირზე დევს და რაც საზოგადოებისთვისაა თვალხილული ერთია, მაგრამ არის შიდა დინებები, რომელიც მგონია, რომ მნიშვნელოვანია. დავუფიქრდეთ, რატომ შეიძლება ოპოზიციამ არ დაუჭიროს მხარი ამ ცვლილებებს. ვთქვათ, რომ რურუას თემაა წინ წამოწეული და ამავე დროს ამბობენ, რომ არჩევნებში მათ გამარჯვება უწერიათ და ალტერნატივა არ აქვთ. თუკი მიაჩნიათ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ გიორგი რურუა იჯდეს ციხეში ან იყოს პოლიტიკური მსჯავრდებული, მაშინ, როგორ შეესაბამება ეს მათ დამოკიდებულებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით? გაიმარჯვონ და გააკეთონ ცვლილებები და დაუბრუნდნენ 2012 წლის წინა პერიოდს, როდესაც ხელისუფლება წყვეტდა ვინ დაეჭირათ, ვინ არ დაეჭირათ, ვინ ეწამებინათ და ვისთვის ქონება წაერთმიათ. ანუ, ეს თემა, რურუასთან დაკავშირებით, მოგონილი თემაა. მათ ისიც კარგად იციან, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არავის უცვნია უდანაშაულოდ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.