დავით ზალკალიანმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულმა მინისტრმა ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში მიღწეული შედეგები განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარესთან, საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან, მილტიადის ვარვიციოტისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
მხარეებმა ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში (27.11.19-15.05.20) მიღწეული შედეგები და საბერძნეთის მიმდინარე თავმჯდომარეობის პრიორიტეტები განიხილეს.
მილტიადის ვარვიციოტისმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას და აღნიშნა, რომ არსებული გლობალური კრიზისის პირობებში საქართველომ ეფექტიანად შეძლო თავმჯდომარეობის პროგრამის ადაპტირება. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს თავმჯდომარეობის შემდეგ ევროპის საბჭოს პრიორიტეტულ თემებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დატოვებულ მემკვიდრეობასა და აღნიშნული საკითხების განგრძობადობის მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა საბერძნეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს და აღნიშნა მათი დროულობა და არსებულ გამოწვევებთან მათი შესაბამისობა. დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა საბერძნეთს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის (მინისტერიალის) მასპინძლობისთვის, რომელიც 2020 წლის 4 ნოემბერს ათენში გაიმართება.
სატელეფონო საუბრისას მინისტრები ასევე შეეხნენ ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგსა და სამომავლო გეგმებს. მათ შორის, გაცვალეს ინფორმაცია ქვეყნებში ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, როგორც ვირუსის გავრცელების შეკავების, ასევე, დაწესებული შეზღუდვების მოხსნის თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პანდემიის პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბერძენ კოლეგას ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირებისთვის.
საუბრის დასასრულ, დავით ზალკალიანმა წარმატება უსურვა საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავმჯდომარეობის კუთხით და საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.