ყიზილაჯლოში „ლელოს“ მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი: უკანონოდ ჩამწერეს და შემდეგ ჩანაწერი გააყალბეს, ამიტომ ვინც ეს გააკეთა უნდა მიიღოს სასჯელი კანონის შესაბამისად, მათ წინააღმდეგ ვამზადებ სარჩელს

,,უკანონოდ ჩამწერეს და შემდეგ ჩანაწერი გააყალბეს. ამიტომ ვინც ეს გააკეთა უნდა მიიღოს სასჯელი კანონის შესაბამისად, მათ წინააღმდეგ ჩივილს ვაპირებ, ვამზადებ სარჩელს”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ყიზილაჯლოში „ლელოს“ მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა კარა ორუჯაევმა განუცხადა.

ორუჯაევის თქმით, „ლელო“ დატოვა, რადგან იყო ბევრი შეცდომა, მათ შორის ის ასახელებს რეგიონებში პარტიის უკანონოდ დაფინანსების საკითხს.

„ჩანაწერში ჩემი ხმა ნამდვილად არის, ადამიანს რომელსაც ველაპარაკები 13 წელია ვიცნობ. არანაირი ფულის საკითხი არ ყოფილა, ეს ყველაფერი ბლეფია. ბევრ კითხვას მისვამდა, რეალურად არ მინდოდა მასთან იმ მიზეზის თქმა, რა მიზეზითაც დავტოვე „ლელო“. რეალურად მე პარტიით უკმაყოფილო ვიყავი, ბევრი შეცდომა დაუშვეს, მარნეულის პარტიის თავმჯდომარეს ყველაფერი ვუთხარი, გავაფრთხილე, რომ კიდევ თუ დაუშვებდნენ ასეთ შეცდომებს წავიდოდი. დავინახე, რომ ეს შეცდომები არ გამოასწორეს და წამოვედი. რაც შეეხება შეცდომებს, ბევრი იყო, მაგრამ მათ შორის უკანონოდ აფინანსებდნენ პარტიას რეგიონებში. ამის გამო გავაფრთხილე. ეს იყო ის პრობლემა, რის გამოც ვერ შევთანხმდით. ამის შემდეგ ახლობლებმაც მითხრეს ამ პრობლემის შესახებ და მათგანაც კი არ მოდიოდა მხარდაჭერა. ამიტომაც წამოვედი“, – აცხადებს ორუჯაევი.

ცნობისთვის, კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რითაც მათივე ინფორმაციით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“. საქართველოს პროკურატურამ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები