მამუკა მდინარაძე: აგრესიული რიტორიკა, რომელიც ხშირად გვესმის რუსეთის მხრიდან, ბუნებრივია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აგრესიული რიტორიკა, რომელიც ძალიან ხშირად ისმის რუსეთის მხრიდან, ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული.

მდინარაძემ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდირების ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყებებმა ძალიან კარგად იმუშავეს.

“ეს აგრესიული რიტორიკა, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე რუსეთის და რუსების წარმომადგენლების მხრიდან ბუნებრივია, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა ყოველთვის მიმართული. მათი ინტერესია და ეს ინტერესი საერთოა, როგორც ქვეყნის გარე მტრის, ჩვენი ოკუპანტი სახელმწიფოსთვის ასევე, შიდა მტრისთვის, ჩვენდა სამწუხაროდ. იქ ვიღაცა ოპოზიციაშია, რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს თუ არ წარმოადგენს ეს მეორეხარისხოვანია იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია იქნება, მისი რაღაც ნაწილი იქნება თუ ხელისუფლება იქნება ქართული ინტერესების სადარაჯოზე ყველამ კარგად უნდა მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება, რომ ასეთი აგრესიული რიტორიკა, რომლის თანმდევი შედეგები ადრე ყველას გვინახავს, ქართული სახელმწიფოს ინტერესებში არ ჯდება, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს ამ ინტერესს.

სახელმწიფო უწყებებმა ძალიან კარგად იმუშავა. მართლაც უდიდესი საფრთხე ააშორა ამ დღეებში ქვეყანას, რომ აღკვეთეს დანაშაული. ამ უწყებებმა კიდევ დამატებით თავისი საქმე აკეთონ თავის მხრივ, რომ უსაფრთხოების საკითხებზე მაქსიმალურად დააზღვიონ რისკები”,- განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები