სომეხი პოლიტოლოგი: მოახერხეს და საქართველოსთან ურთიერთობაშიც შეიტანეს დაძაბულობა
“სომხეთი რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მაჩვენებლით ლიდერობს”, – განაცხადა პოლიტოლოგმა, ანდრანიკ ტევანიანმა.
მისი თქმით, ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი ორჯერ აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. ტევანიანის თქმით, ის 20-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ მთავრობამ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები ჩააგდო და ქვეყანა კატასტროფის წინაშე დააყენა.
ამასთან, მისივე თქმით, არსებობს მეორე კრიზისი, საგარეო პოლიტიკაში – პარტნიორებთან ურთიერთობა ან გაფუჭებულია ან გაყინული, “მოახერხეს და საქართველოსთან ურთიერთობაშიც შეიტანეს დაძაბულობა. სომხეთი ბლოკადაშია”.
“ამ ყველაფერს ემატება შიდაპოლიტიკური კრიზისი. როდესაც ხელისუფლება ამბობდა, რომ კორონავირუსი შესაძლებლობაა, როგორც ჩანს, გულისხმობდნენ ძალაუფლების შენარჩუნების სქემებს. ამ მთავრობისთვის საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებაა”, – თქვა პოლიტოლოგმა.
მან საზოგადოებას ოპოზიციის მიმართ განხორციელებული ქმედებები შეახსენა – რომ “ნათელი სომხეთი” ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ხოლო “აყვავებული სომხეთი” დაუფარავი პოლიტიკური შეტევის.
“მაგრამ ყველაზე დიდი კრიზისი მთავრობის არალეგიტიმურობაა. სახეზეა მთავრობის ქმედების ლეგიტიმურობის კრიზისი, რასაც მთავრობაშიც აღიარებენ და ამბობენ, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გადაწყვეტილებას ვერ იღებენ. რა გადაწყვეტილებები უნდა იყოს?! ეკონომიკური მაჩვენებლები 17,2% შემცირდა. მოსალოდნელია სიღარიბის გაღრმავება, მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ შედეგი ვერ გამოიღო, ვერც გამოიღებდა. ამისთვის მოსახლეობის კონსოლიდირება და ინვესტიციებია საჭირო. გამოსავალი – სომხეთში კომპეტენტური გუნდის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს. ხელისუფლება ამას ვერ იზამს. ამიტომ, ინფიცირებულთა რიცხვი და სიკვდილიანობა გაიზრდება”, – განმარტა პოლიტოლოგმა.