თბილისში ლიფტის ჩაწყდომის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდომის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, ნათია ნუცუბიძის განცხადებით, პაციენტს ამ დროისთვის ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება.

„პაციენტს, 48 წლის მამაკაცს, რომელიც კლინიკაში მხრის ძვლის, წვივის ძვლებისა და წელის მალის მოტეხილობით შემოიყვანეს, გუშინ ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. მოხდა მხრის ძვლისა და წვივის ძვლების ოსტეოსინთეზი, პაციენტი გვიან ღამით გადავიყვანეთ ინტენსიურ განყოფილებაში ფილტვების მექანიკურ ვენტილაციაზე. არის სტაბილურად მძიმედ. დღეს უკვე შეყვანილია ნეიროქირურგიულ ჩარევაზე. მოხდება მისი წელის მეოთხე მალის ფიქსაცია. მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე და შეესაბამება ოპერაციის შემდგომ მდგომარეობას“, – განაცხადა ნათია ნუცუბიძემ.

რაც შეეხება გუშინ დაშავებულ ქალს, მან სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. ამასთან, კიდევ ერთი დაშავებულის, 15 წლამდე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, დამაკმაყოფილებელია. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და კლინიკას, სავარაუდოდ, დღესვე დატოვებს.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, ღამით ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ლიფტის ჩაწყდომის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები