კახა კალაძე: “მზიურიდან“ ზოოპარკამდე საფეხმავლო ხიდი გაკეთდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, “მზიურიდან“ ზოოპარკამდე საფეხმავლო ხიდი გაკეთდება.
როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდა ამისა, „მზიურის“ პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქცია იგეგმება.
“დასრულდა „მზიური“ პარკის რეაბილიტაცია. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მუნიციპალიტეტი განახორციელებს ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს – პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ვაპირებთ იქ მედიათეკის გაკეთებას, თუმცა მედიათეკა შინაარსობრივად ცოტა სხვა რამეს მოიცავს და შენობა-ნაგებობა კიდევ იქ პატარაა. იცით, „მზიურში“ არის სოციალური საწარმო, “მზიურის კაფე” ანა გოგუაძე და მისი გუნდი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ არსებული სიტუაცია იყოს მაღალ დონეზე. გვაქვს ანასა და მის გუნდთან აქტიური კომუნიკაცია, გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი – ე.წ. გალერეა მედიათეკა დავარქვათ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროექტს განვახორციელებთ და შემდეგ უკვე დასრულებულ პროექტს ამ სოციალურ საწარმოს ანა გოგუაძეს და მის გუნდს გადავცემთ, გარდა ამისა ვაპირებთ საფეხმავლო ხიდის გაკეთებას, რომელიც მზიურის ტერიტორიიდან ზოოპარკის ტერიტორიას დაუკავშირდება”, – განაცხადა კალაძემ.