თამთა მეგრელიშვილი: დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე

“საქართველოს სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მიხედვით დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე”,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“თუ სწორად გავიგე, ჩეჩენი ეროვნების რუსეთის მოქალაქე, საქართველოში ჩამოვიდა, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას განზრახ მკვლელობის ჩასადენად (შეკვეთით). ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ასევე კონკრეტული პირი,ნიკა გვარამია. ასეთ დროს, როცა საქმე ეხება პირის სიცოცხლეს, გვერდით უნდა გადაიდოს პოლიტიკური გემოვნება და მიმდინარე მოვლენები მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში შეფასდეს.
დავიწყოთ – მართალია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ჩამოთვლის იმ ორგანოებსა და პირებს, რომლთათვისაც დანაშაულის მზადების შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაგრამ მათ უნდა მივაკუთვნოთ სამართალდამცავი ორგანოები – პროკურატურა, პოლიცია – რომელთა პირდაპირი მოვალეობა დამნაშავეობასთან ბრძოლაა“. დანაშაულის შეუტყობინებლობა, ისე როგორც დაფარვა, ხელს უშლის მის დროულად გახსნასა და დამნაშავეთა მხილებას, აგრეთვე მოსალოდნელი სოციალურად მავნე შედეგების თავიდან აცილებას. სწორედ ამ მოტივითა და მიზნით გაითვალისწინა სისხლის სამართლის კოდექსმა პასუხისმგებლობა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მზადებისა ან ჩადენილი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის შესახებ შესაბამისი ორგანოებისთვის შეტყობინება სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდეს. კანონში აგრეთვე არ არის მითითებული დრო (ვადა), რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს შეტყობინება დანაშაულის მზადების ან ჩადენის შესახებ. ეს ვადა სხვადასხვაა და ლოგიკურია დამოკიდებულია საქმის კონკტრეტულ გარემოებებზე, რის საფუძველზეც უნდა შეფასდეს, რომ პირს რეალურად შეეძლო შეეტყობინებინა დანაშაულის მზადებისა ან/და ჩადენის შესახებ. შეტყობინება დანაშაულის მზადების ან ჩადენის ფაქტის შესახებ აუცილებელია გაკეთდეს უმოკლეს ვადაში. პირი პასუხს აგებს შეუტყობინებლობისთვის, თუ მას რეალური შესაძლებლობა ჰქონდა ეცნობებინა სათანადო ორგანოსთვის. განსახილველი დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა პირისათვის ცნობილი გახდა, რომ ნამდვილად მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მას რეალური შესაძლებლობა აქვს შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ამას არ აკეთებს. საქართველოს სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მიხედვით დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე”, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები