გია ვოლსკი: განცხადებები, რომ დამარცხების შიში გვაქვს და ამიტომ ვცდილობთ, არჩევნები დეკემბრისთვის გადავიტანოთ, არალოგიკურია
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ოპოზიციის ვარაუდი, რომ მმართველ პარტიას არჩევნებში დამარცხების შიში აქვს და მის დეკემბერში შესაძლო ჩატარებაზე ამიტომ საუბრობს, არალოგიკურია.
მისივე თქმით, ოპონენტები რეალობას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ.
“არჩევნების ვადის გადაწევა შეიძლება მხოლოდ იმ სიტუაციაში, როცა საგანგებო ვითარებაა. საგანგებო ვითარება თუ შეიქმნა სახელმწიფოში, ამას მარტო “ქართული ოცნების” პარტიული „ლიდერშიპი“ კი არ დაადასტურებს, ეს იქნება საქვეყნოდ აღიარებული თემა, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების მიერ. ცდილობენ, ეს რეალობა გამოიყენონ პოლიტიკური განცხადებებისთვის და ამბობენ, თითქოს “ქართულ ოცნებას” არჩევნების დეკემბერში ჩატარება აწყობს. საზოგადოება სასიკვდილო საფრთხის წინაშე არ უნდა დადგეს, ეს თვითონაც კარგად იციან. არც მალავენ, ამბობენ ამას, მაგრამ ჟურნალისტების საყურადღებოდ ამატებენ, თითქოს “ქართულ ოცნებას” უნდა გადაწევა. დამარცხების შიში გვაქვს და რაც უფრო გვიან დამარცხდებიან უკეთესიაო? – არალოგიკურია, არ მინდა სიტყვა „სისულელე“ გამოვიყენო”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “თუ ეპიდემიის მეორე ტალღა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს დაემთხვევა, არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს”. აღნიშნულ მოსაზრებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.