მამუკა სალუქვაძე: ვეთანხმები აღშფოთებას, რომელიც მისაღებ გამოცდებზე პირბადეების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოითქვა
ურბანისტი მამუკა სალუქვაძე ეროვნულ გამოცდაზე პირბადის გამოყენების აუცილებლობის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ის სრულიად ეთანხმება აღნიშნულ თემაზე საზოგადოების აღშფოთებას.
“სრულიად ვეთანხმები იმ სამოქალაქო პროტესტსა და აღშფოთებას, რომელიც გამოითქმევა მისაღებ გამოცდებზე ახალგაზრდების მიერ პირბადეების აუცილებელ გამოყენებასთან დაკავშირებით, მით უფრო, დახურულ სივრცეებში, სადაც, როგორც გვაუწყეს, არ მოხდება კონდიცირება გამოცდის მსვლელობისას. ჯერ ერთი, შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში გასულ წელს ძლივს იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ივლისის 40-გრადუსიან სიცხეში ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის მიეცათ უფლება, გამოცდის მსვლელობისას არ გაგუდულიყვნენ უჰაერობისგან და მსხდარიყვნენ გაგრილებულ ოთახებსა თუ დარბაზებში. ახლა არათუ კონდიციონერს გამოვურთავთ, არამედ პირბადის გაკეთებასაც ვაიძულებთ, რომლის 15-20 წუთით გამოყენებაც კი მრავლისმნახველ უფროსი თაობის წარმომადგენლებს გვაგდებს კონვულსიებში და წარმოვიდგინოთ ბავშვები, რომლებსაც ასეთ სიტუაციაში უნდა მოეთხოვოთ ურთულესი გამოცდების ჩაბარება. როგორ შეიცვლება და რითი ჩანაცვლდება ეს სრულიად უპასუხისმგებლო და არაადამიანური გადაწყვეტილება, ჩემი საქმე არ არის და ამისთვის, როგორც მახსოვს, ყველა ჩვენგანი ხელფასებს ვუხდით ჩინოვნიკებს, რომლებმაც უნდა აწონ-დაწონონ, იაზროვნონ და მოიფიქრონ გამოსავალი. აი, სანამ გამოსავალს მოიფიქრებენ, ზუსტად ამ ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, მჭიდროდ მოირგონ პირბადეები, ცხვირზე კარგად დაიფიქსირონ, შეიკრიბონ ერთ დიდ უკონდიციონერო დარბაზში და ისე იმსჯელონ. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ბევრად უფრო ჰუმანური და ყველასთვის მისაღები იქნება”, – წერს მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში.