ურბანისტი მამუკა სალუქვაძე 13 კონგრესმენის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ შეფასებას სოციალურ ქსელში წერს.
მისი ვერსიით, ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების, თუ ევროპარლამენტარების მხრიდან მსგავსი გაფრთხილებების მიცემა შესაძლოა, იმიტომ ხდება, რომ ქვეყნის საგარეო უწყება და მთელი რიგი საელჩოები, ელემენტარულ დონეზე ვერ აკონტროლებენ სიტუაციას, მოშლილი აქვთ ურთიერთობა, ან ვერ ააწყეს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის გავლენიან პოლიტიკოსებთან.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მამუკა სალუქვაძეს აზრით, ოპოზიციური პარტია დღემდე წარმატებულად იყენებს ახლო კონტაქტებს ამერიკისა, თუ ევროპის პოლიტიკური წრეების გავლენიან წარმომადგენლებთან.
“მიუხედავად იმისა, რომ ელჩის განმარტების თანახმად, 13 კონგრესმენის მიერ გამოთქმული მოსაზრება ივანიშვილის შესახებ, არ არის ამერიკის ოფიციალური პოზიცია, ერთი რამ მკაფიოდ უნდა ითქვას: მიუხედავად იმისა, რომ მეცხრე წელია ნაციონალური მოძრაობა აღარ არის ხელისუფლებაში, ისინი დღემდე ინარჩუნებენ და საკმაოდ წარმატებულადაც იყენებენ თავიანთ ახლო კონტაქტებს ამერიკისა თუ ევროპის პოლიტიკური წრეების გავლენიან წარმომადგენლებთან და არც ლობისტური ორგანიზაციების ეფექტიან გამოყენებაში ეშლებათ რამე.
რაც შეეხება მმართველ პარტიას, მათი ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს, ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების, ევროპარლამენტარების და ა.შ. მხრიდან იმგვარი ბრალდებების, ულტიმატუმებისა და გაფრთხილებების კითხვა, რასაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის საგარეო უწყება და მთელი რიგი საელჩოები, ელემენტარულ დონეზე ვერ აკონტროლებენ სიტუაციას, მოშლილი აქვთ ურთიერთობა, ან სულაც ვერ ააწყეს კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის გავლენიან პოლიტიკოსებთან. ეს ან გამიზნული საბოტაჟია, ან უუნარობა და დოყლაპიობა, სხვა ახსნა ამას, ჩემი აზრით, არ აქვს.
ჩვენ ვნახეთ სიტუაცია, როდესაც ქართველმა პროფესიონალებმა აღტაცებით აალაპარაკეს მთელი მსოფლიო მათი მუშაობის შედეგებზე, როდესაც საქმე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ სიტუაციას, როდესაც ჩინოვნიკები, ვისაც ეს ეხება, ვერ უმკლავდებიან თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობებს და საკმაოდ დიდი დარტყმის ქვეშ აყენებენ არამხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ, რიგ შემთხვევებში, ქვეყნის ინტერესებსაც. ეს ჩემთვის შემდგარი ფაქტია, სხვას შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს”, – წერს მამუკა სალუქვაძე.