რევაზ სოხაძე – წყლის სექტორში ინვესტირება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური საყრდენია

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მონაწილეობა მიიღო „წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმში“.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ღონისძიება, რომელიც GWP-ისა და წყლის საერთაშორისო ოპერატორი Aqualia-ს ორგანიზებით გაიმართა, წყლის რესურსების მდგრად მართვასა და სექტორის სტრატეგიულ განვითარებას დაეთმო.

ფორუმის პირველ პანელზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა წყლის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისთვის.

რევაზ სოხაძის განცხადებით, ხელისუფლება უკვე წლებია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს. ამის ნათელი მაგალითია სახელმწიფო საწარმოს – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა: 2012 წელთან შედარებით დაფინანსება 20-ჯერ არის გაზრდილი და 2025 წელს 682 მილიონ ლარს შეადგენს. ჯამურად კი, 2012 წლიდან დღემდე სამინისტროს მიერ განხორციელებული ინვესტიციები 3.5 მილიარდ ლარს აღემატება.

მინისტრის თქმით, 2026 წლისთვის სამინისტროს ბიუჯეტში დამატებით გათვალისწინებული 305 მილიონი ლარი კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. ეს ზრდა ცხადყოფს სახელმწიფოს გრძელვადიან ხედვას – თითოეული მოქალაქე იყოს უზრუნველყოფილი სტანდარტის შესაბამისი, უწყვეტი წყალმომარაგებით.

ამ დროისთვის, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაფარვის არეალში მყოფი ქალაქების 65%-ში უკვე მოქმედებს 24-საათიანი წყალმომარაგება. 2026 წელს უწყვეტი წყალმომარაგება დამატებით 14 ქალაქს ექნება, ხოლო 2027 წლის ბოლოსთვის კომპანიის მართვაში მყოფი ყველა, სულ 49 ქალაქი, სრულად იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი წყალმომარაგებით.

ამასთან, ქვეყნის 120-ზე მეტ დასახლებაში მიმდინარე 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები 2030 წლისთვის დასრულდება, რის შედეგადაც 300 000-ზე მეტ ბენეფიციარს გაუუმჯობესდება მომსახურება.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტებში ცხოვრების დონის ამაღლებაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სწორედ ხარისხიანი წყალმომარაგება და წყალარინებაა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლების წყალმომარაგების საკითხზე და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სახელმწიფო ბიუჯეტისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტ სოფელში 150 000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს სტანდარტის შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით.

,,საზოგადოებაში არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ რადგან საქართველო წყალუხვი ქვეყანაა, წყლის მიწოდება მარტივია. ამიტომ, იგეგმება საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობამ გააცნობიეროს, თუ რა რთულ და მასშტაბურ სამუშაოებთანაა დაკავშირებული წყლის მიწოდება, განსაკუთრებით ქვეყნის რთული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით“-განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, მთავრობისა და სამინისტროს ხედვა არ შემოიფარგლება მხოლოდ წყალმომარაგებით და მოიცავს წყალარინების სისტემების განვითარებასა და გამწმენდი ნაგებობების მოწყობას, პირველ რიგში, ტურისტულ ზონებში. უკვე დაწყებულია მასშტაბური პროექტები, რომელთა ჯამური ღირებულება 3 მილიარდ ლარს აღემატება. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, 49 ქალაქი და 19 დაბა სრულად აღიჭურვება თანამედროვე გამწმენდი სისტემებით.

მინისტრმა, ასევე ისაუბრა საერთაშორისო გამოცდილებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მნიშვნელობაზე პროექტების სწორად დაგეგმვისა და ეფექტიანი განხორციელებისთვის.

„წყლის სექტორი უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მიმართულებად, არამედ როგორც ინტეგრირებული პოლიტიკის სფერო, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით მიზნებს“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები