დღეს მხატვარი თენგიზ მირზაშვილი (ჩუბჩიკა) 92 წლის გახდებოდა
დღეს მხატვარი – თენგიზ მირზაშვილი (ჩუბჩიკა) 92 წლის გახდებოდა. დიდ მხატვარს Inside art gallery იხსენებს. დაიბადა 1934 წლის 10 თებერვალს, ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში. 1941 წელს შევიდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში (ახლანდელი გერმანიის საელჩოს შენობა). 1952 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. შემდეგ – ასპირანტურაში. 1972-2004 წწ. მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია „ჰამლეტის” გასაფორმებლად.
თენგიზ მირზაშვილი არის 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი. მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშაველას, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, ეთერ თათარაიძის, გიორგი ცოცანიძის, მიხო მოსულიშვილის, ხალხური პოეზიისა თუ ზღაპრების კრებულების. მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა ,,გალაკტიონოლოგიის” ორი წიგნი, წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ეთერ თათარაიძის წიგნის „ჩამომიარ საწუთროში” რედაქტორი, წიგნის „შენდობით მომიხსენიეთ” , რედაქტორი და მხატვარი.