სოფო კილაძე: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ოფიციალური პირია, თავისი განცხადებებითა და ქმედებებით პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის ოფიციალური პირია, თავისი განცხადებებითა და ქმედებებით საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირ ერევა.
მისივე თქმით, სააკაშვილი არღვევს კანონს და საქართველოს სუვერენიტეტს ჩრდილს აყენებს.
„მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის ოფიციალური პირი, ოფიციალური წარმომადგენელი და ის თავისი განცხადებებითა და ქმედებებით პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ამით გამოდის, რომ არღვევს კანონს და ჩრდილს აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს. ოპონენტებისგან ორმაგი და ასმაგი სტანდარტები არ გვიკვირს, რადგან როცა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, უკრაინის შიდა საქმეებში არ ჩაერიოთო, ახლა გამოდის, რომ უკრაინას მოუწოდებენ, საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს, რადგან სააკაშვილი უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელია. ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს – “მე არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას და საბოლოო მოსპობას. ვემზადებით გამარჯვებისთვის. წელს ან საბოლოოდ დაიღუპება საქართველო, ან ის გაიმარჯვებს, მესამე ვარიანტი არ არსებობს”.