დავით ჩიხელიძე: მოწოდება კონგრესმენებს, ნუ იქნებით ბრმა იარაღი მარგინალი პოლიტიკოსების ხელში

„კონგრესმენების მტკნარი სიცრუე”, – ასეთ შეფასებას აძლევს „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ სპეკულირებს.

„მსურს, სენატორების მიერ დღეს გავრცელებულ დოკუმენტს გამოვეხმაურო, დავაფიქსირო როგორც საკუთარი მოსაზრება ისე გამოვხატო ჩემი გაოცება. სამწუხაროა და გაოცებული ვარ, რომ ოპოზიცია კვლავ სპეკულირებს. ოპოზიცია მაგონებს მელას, რომელმაც მოწმედ საკუთარი კუდი მოიყვანა, რადგან რეალურად ისინი (ოპოზიცია) ყოველთვის ცდილობენ, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, ისეთი ადამიანების მოსაზრებები და წერილები მოიხმონ, რომლებიც ღიად ან ირიბად „ნაციონალურ მოძრაობასთან” არიან აფელირებულები. ლობისტების საქმე სწორედ ის არის, რომ დამკვეთის ინტერესები გამოხატონ, ხშირ შემთხვევაში კი დამკვეთი სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა”. აქვე ერთი საინტერესო დეტალი, ამერიკაში არ არის აუცილებელი, ლობისტთან ოფიციალურად იყოს გაფორმებული ხელშეკრულება, მათი კანონმდებლობა შემდეგ მოცემულობას უშვებს. ლობისტი, რომელიც დამკვეთის სამუშაოზე არ ხარჯავს საკუთარი დროის 20%-ს, არ არის ვალდებული, ლობისტად ოფიციალურად დარეგისტრირდეს. აღნიშნული ნორმის გამო, ამერიკაში საკმაოდ გავრცელებულია არაოფიციალური, ირიბი ლობისტობა, შესაბამისად, არ არის აუცილებელი კონგრესმენების კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან” დოკუმენტურად იყოს გაფორმებული, ცილს არავის ვწამებ, უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ, რომელიც ყურადღებას იმსახურებს”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.

როგორც „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი ამბობს, დოკუმენტში წერია მტკნარი სიცრუე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეეხება.

ახლა, რაც შეეხება უშუალოდ კონგრესმენებსა და დოკუმენტს, დოკუმენტი გაორების განცდას ტოვებს, რადგან, ერთი მხრივ, აღნიშნულია საქართველოს პროგრესი, აღიარებულია, რომ საქართველო არის აშშ-ის დემოკრატიული პარტნიორი და ა.შ. მაგრამ, ასევე, წერია მტკნარი სიცრუე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შეეხება, რადგან ფაქტები და საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში პროგრესირებს ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც შეიძლება დემოკრატიის საზომად მოვიყვანოთ, დემოკრატია და რუსეთი კი, როგორც მოგეხსენებათ, შორს არის. აღნიშნულს ადასტურებს საერთაშორისო კვლევები, რომლებიც არ შეიძლება მიკერძოებული იყოს. როგორც ჩანს, კონგრესმენებისთვის მთავარი მოტივაცია ობიექტურობა არ არის.

მინდა კონგრესმენებს მოვუწოდე, არ იყვნენ ბრმა იარაღი მარგინალი პოლიტიკოსების ხელში, გააკეთონ სიღრმისეული ანალიზი და ფაქტებით გამყარებული განცხადებები. თითოეულ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან, ხოლო მსგავსი უარგუმენტო, რეალობას მოწყვეტილი, კონკრეტული ჯგუფის ინტერესების გამტარებელი განცხადება ხელს უშლის ორი ქვეყნის შემდგომ ურთიერთობასა და პარტნიორობას”, – განმარტავს ჩიხელიძე.

დავით ჩიხელიძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, კონგრესმენებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ ქვეყანაში ამჟამად და წლების წინათ არსებული მდგომარეობის შესახებ.

„პ.ს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი, რომელიც რაციონალურობით გამოირჩევა და აქვს თეთრისა და შავის გარჩევის უნარი, საზოგადოება კარგად ხედავს, სად ვიყავით და სად ვართ, დღევანდელი საზოგადოება მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვხედავთ, ვერ ვხედავთ ქუჩებში გარდაცვლილ ახალგაზრდებს, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ („ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს) საქართველოს ყოველდღიურობა იყო.

პ.ს.ს. მოვუწოდებ მმართველ გუნდს, გააძლიერონ ლობისტური საქმიანობა, კონგრესმენებს (ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს) მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში ამჟამად და წლების წინათ არსებული მდგომარეობის შესახებ, ტყუილის ნიაღვარი ფაქტებით გაჯერებული ინფორმაციით შეაჩერონ!” – აცხადებს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები