პრემიერი: ინფიცირების 6 შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა არ არის ცნობილი, მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ

უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა, დღეის მდგომარეობით, არ არის ცნობილი და ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან რომლის წყაროსაც ვერ ვადგენთ, 3 გახლავთ თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გახსნა ეკონომიკა და მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, ნაკლები შეზღუდვებით იცხოვრონ ყოველდღიურად, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია და ეს კარგი მაგალითია იმის, თუ რა შეიძლება მოხდეს. უნდა გვესმოდეს რომ 4 ახალი შემთხვევა რომლის წყაროც დღეს დაუდგენელია დიდი რისკის შემცველია. ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი, რომელზეც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის, ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც საგანგაშოა. არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, რომ ის მიღწევა, რაც გაგვაჩნია არ დავკარგოთ. ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში, როგორ ხდება მეორედ ეპიდემიოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ მინდა, თითოეულ უწყებას, მოქალაქეს მოუწოდო უკიდურესი გონიერებისა და სიფრთხილისკენ, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს გახლავთ გლობალური კრიზისი, გამოწვევა, როგორც ეპიდემიოლოგიურად, სამედიცინო თვალსაზრისით, ისე ეკონომიკური კრიზისის თვალსაზრისით და ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება კრიზისს მარტო, ამიტომ გვმართებს ურთიერთთანადგომა,” – აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები