მამუკა მდინარაძე: მისაღებია პრინციპი, რომ იყოს თანაბარი კონკურენციის პირობები

„დღეს არის არათანაბარი პირობები და სწორედ შემომტანს, რომელსაც აქვს არათანაბარი პირობა, ოღონდ მისთვის პოზიტიურად, ვუთანაბრებთ ბუნებრივი აირის შემომტანის თუ მეწარმის ფინანსურ მდგომარეობას და მათ თანაბარი კონკურენციის პირობებში აყენებთ – ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, მისაღებია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხის გარშემო მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის სხდომას პარლამენტის წევრი არ ესწრებოდა და ამიტომ არგუმენტები ვერ წარადგინა და ამის გამო უნდა მოხდეს საკითხის კვლავ პირველი მოსმენით განხილვა – საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რამ არ არსებობს.

„კომიტეტი ყველა მოსმენაზე ინიშნება ცალ-ცალკე და მეორედ, პირველი მოსმენით განხილვისთვის კომიტეტის სხდომა ვერ ჩაინიშნება. საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რამ არ არსებობს. გამოქვეყნებულია, დაანონსებულია, და როდესაც არის კომიტეტის სხდომა პარლამენტის წევრი უნდა მივიდეს და მიიღოს განხილვაში მონაწილეობა. მეორედ კომიტეტი დაინიშნოს იმიტომ რომ ვთქვათ, ახალი არგუმენტები გაჩნდა – ეს არ ხდება, მაგრამ ეს ხდება მეორე მოსმენის დროს. დანარჩენ შემთხვევაში თუ არის საკამათო საკითხები ამ საკითხებზე უნდა ვიკამათოთ. თუ პრინციპი მისაღებია საიმისოდ, რომ პირობების და მდგომარეობის გათანაბრება უნდა იყოს ამ შემთხვევაში აქ საწინააღმდეგო არავის უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან თხოვნით მიმართა კანონპროექტის ინიციატორებს, რომ საკითხის მეორე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინონ კარკულაცია, მათემატიკური დათვლა – თუ რატომ ხდება მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება და რატომ მაინცდამაიც კონკრეტული თანხით. ვიცესპიკერმა ასევე ითხოვა განმარტება იმისა, თუ რატომ არ გაუძვირდებათ ავტომფლობელებს გაზის ფასი.

„პრინციპებს მხარს ვუჭერთ, მაგრამ მეორე მოსმენისთვის წარმოადგინეთ კარკულაცია, მათემატიკური დათვლა – თუ რატომ ხდება მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება და რატომ მაინცდამაინც ამ კონკრეტული თანხით. გთხოვთ, გათანაბრების პირობები წარმოადგინოთ მათემატიკური სიზუსტით, რათა არავის დარჩეს კითხვა, არავინ გამოიყენოს არც გასაკრიტიკებლად და ცუდ შემთხვევაში, არც სასპეკულაციუოდ. სუბსიდირება კარგია. კეთილი ნების გამოხატვაც კარგია, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ სუბსიდირება ხდება მოქალაქის მიერ მოხმარების შემთხვევაში, თუკი მას გარკვეულწილად, გაუძვირდება საფასური. მოვისმინე იმის არგუმენტაციაც თუ რატომ არ გაუძვირდებათ ავტომფლობელებს. წარმოადგინეთ უფრო მყარი არგუმენტები თუ რატომ არ გაუძვირდებათ ავტომფლობელებს გაზის ფასი. რამდენად ლოგიკურია რომ ეს გაზის ფასის გაძვირებას სხვა შემთხვევების დროს არ გამოიწვევს. არ დავტოვოთ სივრცე იმისთვის, რომ დარჩეს კითხვის ნიშნები”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები