გიორგი გახარია: საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს
“საქმის კეთება ვისაც უნდა, ყოველთვის შეძლებს, მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რომელშიც უწევს ქვეყანას ცხოვრება. შეძლებს, საქმე აკეთოს წუწუნისა და ვიღაცებზე გადაბრალების გარეშე”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში განაცხადა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება.
„ექვსი თვის წინ ვიყავით ვაშლის ბაღებში; შესანიშნავ ბაღებში, მსოფლიოს საუკეთესო დონეზე გაკეთებულში. იქაც ვისხედით, ვლაპარაკობდით, ბევრი კარგი გადაწყვეტილება მივიღეთ, ბევრ კარგ რაღაცაზე შევთანხმდით.
აქ რატომ შევიკრიბეთ, მარტივი მიზეზი გვაქვს. მართლა რთული პერიოდია. ზოგჯერ შეიძლება, ადამიანს აუხსნა, რომ ეპიდემია ძალიან დიდი რისკია, „კოვიდ-19“ ძალიან დიდი რისკია, ასეთ ამინდში, ასეთ რეგიონში უმარავი სხვა გამოწვევა გვაქვს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის ეს ხელწამოსაკრავი და სახუმარო საქმე. რაღაც შედეგი თუ გვაქვს, გვაქვს ერთობლივი მუშაობით და ასე უნდა გავაგრძელოთ.
უნდა გვესმოდეს, რაც უფრო გავუფრთხილდებით და დავიცავთ წესებს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა გამოვაცოცხლოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.