გია ვოლსკი: ყველა საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში პროკურატურამ უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს
საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის თქმით, ყველა საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში პროკურატურამ უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს.
ვოლსკიმ საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის გუშინდელი შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.
“უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს პროკურატურამ ყველა საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში. აშშ და ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა ელოდება იმას, რომ ღირსეული მონაწილე წევრი, დასავლეთ-ევროპული სტრუქტურების იქნება მოწოდების სიმაღლეზე და აშშ-სთვის რასაკვირველია ეს საგანგებო ინტერესების თემას წარმოადგენს. რაც შეეხება შეხვედრებს – ასეთი შეხვედრები გაგრძელდება. ყველა სამინისტროსთან იქნება გაცნობითი ხასიათის შეხვედრები”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. როგორც კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს „გენერალური პროკურორის მნიშვნელოვან როლზე მოახლოებულ მომავალ არჩევნებში, მათ შორის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით”. „მიმაჩნია, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა, აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“, – განაცხადა დეგნანმა.