ირაკლი ღარიბაშვილი: სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენი ჯარი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე 2007-2008 წლებში იყო

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 2007 ან 2008 წლებში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს სხვა წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების, მეგობრების შეფასება, რომლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვენი ჯარის, ჩვენი სამხედროების მომზადების დონე თითქმის ორჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი. ჩვენ რამდენიმე წელია წარმატებით ვამზადებთ ჩვენს სამხედროებს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის დახმარებით, GDRP ჩვენსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, წარმატებული მაგალითია“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“,

მისივე თქმით, გასული წლის ნოემბერში აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მან ხელი მოაწერა GDRP პროგრამის 3 წლით გახანგრძლივებას, რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ მხარეს, უფრო მეტად მოამზადოს სამხედროები.

მინისტრმა ასევე, განმარტა, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ, ქართულ მხარეს სრული თავისუფლება და შესაძლებლობა ექნება, ყოველგვარი დახმარებისა და მსხვილი ინსტრუქტორების გარეშე, ქვეყნის ჯარის მომზადება გააგრძელოს.

„ჩემი მთავარი დევიზი გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენი ჯარი იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს – საუკეთესო სოციალურ პირობებს, სახელფასო პოლიტიკას, დაზღვევას, საუკეთესო კვებას, საუკეთესო საბინაო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, რომელზეც გადავწყვიტე, რომ 100 მილიონი დავხარჯო ამ წელს და წლის ბოლომდე 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია დავასრულო. ეს არის ყველა ყაზარმა, დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია, ასევე მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, პირადი ეკიპირების სრული განახლება. გადაწყვეტილი მაქვს და პრაქტიკულად ბოლო ეტაპზე ვართ ტექნიკის განახლებაზეც. მოგეხსენებათ, 2005-2007 წლების შემდეგ პრაქტიკულად არ განახლებულა ავტოტექნიკა და სპეცტექნიკა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები