ბექა ფერაძე: ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, საცურაო აუზებს, რომლებიც სასტუმროებშია განთავსებული და მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მუშაობის ნებართვა ეძლევათ.
მისივე თქმით, ღია და დახურული ტიპის აუზებთან დაკავშირებით სპეციალური პროტოკოლი უახლოეს მომავალში იქნება შემუშავებული.
„რაც შეეხება აუზებს – სასტუმროებს ეძლევათ მუშაობის ნებართვა იმ შემთხვევაში, როდესაც შრომის ინსპექცია შეამოწმებს და მათ ექნებათ დადებითი დასკვნა, რომ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. შესაბამისად, აუზი, რომელიც განთავსებული იქნება ასეთი ტიპის სასტუმროში, შეესაბამება სტანდარტებს. ასევე, სტუმრები, რომლებიც სასტუმროში არიან განთავსებულნი, მათი აღრიცხვა ხდება და, შესაბამისად, რისკი შედარებით ნაკლებია. რაც შეეხება ღია ტიპის აუზებს, ვინაიდან აქ მოქალაქეთა ძალიან დიდი ნაკადია დაინტერესებული და ინტენსივობა არის მაღალი, ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. სპეციალური პროტოკოლი მათთვისაც იქნება შემუშავებული, რის შემდგომაც ისინი უკვე განახორციელებენ სამუშაოებს. ეს ეხება ღია და დახურული ტიპის აუზებს ამ შემთხვევაში. პროტოკოლი გაწერილია ზოგადი, ჰიგიენური ნორმები, როგორ უნდა მოხდეს. მაგრამ ვინაიდან მოქალაქეთა ძალიან დიდი ოდენობით არის მიმართვა ასეთი ტიპის ობიექტებზე და ეს შეიძლება, იყოს ერთჯერადი, რომლის აღრიცხვაც ვერ მოხდება ისეთი ეფექტურობით, რასაც ჩვენ მოვახდენთ და გავაკონტროლებთ სასტუმროებთან მიმართებით, ბუნებრივია, მათთან მუშაობა გრძელდება და მათთან იქნება ადაპტირებული მოთხოვნები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.