კერძო ბაღების საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს
“შეზღუდვების მოხსნას და სააღმზრდელო პროცესის განახლებას ითხოვენ კერძო ბაღები. სკოლამდელი აღზრდის 60-მდე დაწესებულებამ შესაბამისი მიმართვა მოამზადა და პრემიერმინისტრის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადააგზავნა”,- ამის შესახებ განცხადებას კერძო ბაღების საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბაღების წარმომადგენლებმა იგივე შინაარსის წერილი მერიას, ბაღების სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროსაც გაუგზავნეს.
“ერთობლივი პეტიციით კერძო ბაღები მათთვის რეკომენდაციების შემუშავებას ითხოვენ. აღმზრდელები ამბობენ რომ, მათთვის მუშაობის სპეციალური გრაფიკი უნდა მომზადდეს და ამის შემდეგ მზად არიან, მუშაობა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გააგრძელონ. კერძო ბაღები ვეღარც იჯარის საფასურს იხდიან, ვერ სრულდება ფინანსური ვალდებულებები.მათი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ბაღებში დასაქმებულთა მდგომარეობაც, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე რამდენიმე თვეა უხელფასოდ დარჩა.
კერძო ბაღების პეტიციას მშობლებიც შეუერთდნენ. მიმართვას 1000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს, მოქალაქეების უმრავლესობას სახლში ბავშვების დატოვების საშუალება არ აქვს.
კერძო ბაღებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს პერიოდში მათ მუშაობის განახლების უფლებას მისცემენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.