ცაგერის მუნიციპალიტეტში,ხვამლის მისტიურ მთაზე, სახალხო რელიგიური დღესასწაული „ხვამლობა“ გაიმართა. დღესასწაულზე ხალხი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წმინდა გიორგის ტაძარში წირვაზე დასასწრებად ჩავიდა. წელს პირველად მომლოცველებმა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლეს, რამაც ხალხის ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.
ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა- ლოცვა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ აღავლინა.
ეპისკოპოსმა წირვის დასრულების შემდეგ”რეგიონულ კვირას” “ხვამლობაზე“ უამბო. მისი თქმით, დღესასწაული ყოველთვის სულთმოფენობის წინა დღეს აღინიშნება. ხვამლის მთაზე ბევრი რამ იცის მატიანემ, მათ შორის ის, რომ იქ იყო ცნობილ ქართველ მეფეთა საგანძურის შესანახი -„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აქ იყო მონასტერი, სადაც 2 000 ბერი მოღვაწეობდა. გადმოცემის თანახმად, ბერებს თავს მტერი დაესხა და ყველა ამოწყვიტეს. შესაძლოა, მიცვალებულთა ხსენებისა და „ხვამლობის“ დღესასწაული ამ კავშირით იყოს ერთმანეთთან გადაჯაჭვული. ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ხვამლის მთაზე, რადგან ეს ადგილები შესასწავლია,მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცით – აქ ყოველთვის დიდი მადლია! მინდა, დავლოცო ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია, ყველა აქ მოსული მომლოცველი და სრულიად საქართველო“,-განაცხადა მეუფე სტეფანემ.
“რეგიონული კვირა“ სხვადასხვა ქალაქიდან ჩასულ მრევლსაც გაესაუბრა. როგორც ერთ- ერთი მომლოცველი – ანი საღინაძე გვეუბნება, ხვამლის შესახებ უამრავმა ადამიანმა იცის, არა მარტო ლეჩხუმსა და საქართველოში, არამედ უკვე მსოფლიოშიც.
„გილოცავთ, ამ დიდ დღესასწაულს. მიუხედავად პანდემიისა, აქ ბევრი მომლოცველი მოვიდა და მრევლი ცდილობდა არ დაერღვია რეკომენდაციები“,-განაცხადა ანი საღინაძემ.
„ხვამლობის დღესასწაულისთვის თბილისიდან ჩამოვედით. დარწმუნებული ვარ, ხალხის სიმრავლე იმ კეთილმოწყობილმა გზამ გამოიწვია, რომლითაც წელს მრევლმა პირველად ისარგებლა. მას საუკუნის პროექტიც შეიძლება ვუწოდოთ“,- გვითხრა გვანცა ახვლედიანმა.
ხვამლის მთის მოსალოცად ჩასულ სტუმრებში პოლიტიკოსი – გოგი წულაიაც შევნიშნეთ. მისი თქმით, „ხვამლობაზე“ ყოველ წელს დადის, რათა თაყვანი სცეს ამ მთის დიდებულებას.
„ჯერ კიდევ ჟიულ ვერნს აქვს თავის ნაწარმოებებში ხვამლის მთა და ზედ მიჯაჭვული ამირანი მოხსენიებული, შესაძლოა, ზოგი რამ მითიდან ახდენადიც კი იყოს“,- იუმორით ამბობს პოლიტიკოსი.
წირვას ცაგერის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი გუგავაც დაესწრნენ.
ხვამლის მთა მომლოცველებს ვერ იტევდა. საოცარი სანახავი იყო ერთმანეთში შერეული თოვლი და ნაადრევად გაშლილი ყვავილები. მიუხედავად ხალხის დიდი ნაკადისა, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვას და ერთმანეთთან დისტანციას იცავდნენ.
მარინე სვანიძე