სოფელი კლდე ახალციხიდან 9 კილომეტრითაა დაშორებული. ის ზღვის დონიდან 1020 მეტრზე მდებარეობს და 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 768 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივები მრავალი პრობლემების მოგვარებასთან ერთად, დიდი ხანია მინი სტადიონის მოწყობას ითხოვენ.
როგორც ისინი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებენ, სოფელში ორი სტადიონია, თუმცა ორივე იმდენად მოუწესრიგებელია, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია.
„სოფლის შემოსასვლელში ძალიან დიდი სტადიონია, თუმცა ცხოველებითაა სავსე. ბავშვებს ფუნაში უწევთ თამაში. მეორე მოედანი თითქმის ცენტრშია, მაგრამ ისიც მოუწესრიგებელია. ჯანმრთელობისთვის საზიანოა აქ თამაში, მაგრამ რა ვქნათ ბავშვებს ხომ ვერ დავუშლით. ყოველ წელს გვპირდებიან, გავაკეთებთო, თუმცა დღემდე ასეთი სიტუაცია გვაქვს სოფელში“,– განგვიცხადა ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა.
იგეგმება თუ არა სოფელ კლდეში მინი სტადიონის მოწყობა?- აღნიშნული კითხვით „რეგიონულმა კვირამ“ მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა მელიქიძეს მიმართა.
„სოფელ კლდეში აუცილებლად იქნება სტადიონი. პროექტი არსებობს, თუმცა დღევანდელი პირობების გამო, სამუშაოებს ვერ ვიწყებთ“,– განაცხადა ზაზა მელიქიძემ.
მედეა ლომიძე