დაბა მანგლისში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია სრულდება
2020 წლის ტურისტულ სეზონს დაბა მანგლისი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. მანგლისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დონორი ორგანიზაციის – გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის მიხედვით, სრულად განახლდა პარკის ინფრასტრუქტურა, მოეწყო სველი წერტილები, ველობილიკები, დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, საბავშვო ატრაქციონები, განათება.
ამ დროისთვის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, დასრულება კი, მომდევნო კვირის ბოლოსაა გათვალისწინებული.
პროექტი პროგრამის – „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში – საქართველოს“ ფარგლებში, საკონსულტაციო ჯგუფის – GFA-ს მიერ ხორციელდება.
პარკის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 173 326 ევროს შეადგენს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთითაა მომზადებული.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯიემჯი” აწარმოებს.
მიმდინარე სამუშაოებს თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.