ქვემო ბოლნისში მოკლული 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ეთნიკურად აზერბაიჯანელია. „რეგიონული კვირას“ ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ინციდენტი გუშინ მოხდა. ილკინ ზარგატპოვი ქვემო ბოლნისში, მდინარესთან, ფაცხაში ადგილობრივ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ზარგატპოვს სანადირო თოფიდან ესროლეს, დანაშაული კი შურისძიებას უკავშირდება.
„რეგიონული კვირას“ ინფორმაციით, ილკინ ზარგატპოვი წარსულში ნასამართლევია და საპატიმრო დაწესებულება 16 აპრილს დატოვა. მას პირობითი სასჯელი იარაღის უკანონო შეძენისა და დაჭრისთვის ჰქონდა მისჯილი. ერთ-ერთი ვერსიით, წარსულში ჩადენილი დანაშაული ილკინ ზარგატპოვსა და ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის სოფელ ფოლადაურში მოხდა, როდესაც მან ძველი უთანხმოების გამო, მეზობელი სოფლის მკვიდრი 2 ძმა დაჭრა. არსებობს მოსაზრება, რომ გუშინ მომხდარი მკვლელობა სწორედ მათ შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას მოჰყვა.
„რეგიონული კვირა“ ქვემო ბოლნისში იმყოფება და მომხდარი მკვლელობის დამატებით დეტალებს არკვევს.