“ჩემს ქმარს არ უნდოდა, დიდ სცენაზე წავსულიყავი და დავრჩი ასე” -როგორ სძლია სიყვარულმა წარმატების პერსპექტივას

ელენე ნანიშვილი – რაჭველებისთვის იგივე ელიკო, ერთადერთი საოპერო ჟანრის მომღერალია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში. 72 წლის ქალბატონი “რეგიონულ კვირას” თავის ისტორიას უყვება და იმ წარმატების შესახებ ესაუბრება, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში ეწვია.

ამბობს, რომ მუსიკისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე მოჰყვება. დედა ძალიან კარგად მღეროდა და ოჯახში პროფესიონალურ დონეზე შესრულებულ სიმღერებს ხშირად ისმენდა. მერვე კლასში იყო, მაშინდელ “პიონერთა სახლში” რომ ამღერეს და მაყურებელი პატარა გოგოს გაოცებული უსმენდა. შემდეგ სკოლაში, ბავშვთა ანსამბლებში წამყვანი მომღერალი იყო. თავის წარმატებულ კარიერას აწ გარდაცვლილ  რაჭველ ხელოვანებს – გიგა და შალვა ჯაფარიძეებს უმადლის – „1966 წელს, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში, შალვა ჯაფარიძესთან მიმიყვანეს,ბატონმა შალვამ ნახა რა ჩემი შესაძლებლობები, სოლოები მომცა. რევაზ ლაღიძის „სამშობლო“ ისე ვიმღერე, ლაურეატობა მომანიჭეს და ოქროს მედლით დამაჯილდოეს“,-იხსენებს ელენე.

რეგიონში ყველასთვის კარგად ცნობილ მომღერალს  მუსიკალური განათლება არ მიუღია, მაგრამ მისი თვითნაბადი და ბუნებრივი ხმა, რაჭის მაყურებელს სცენიდან დღემდე ხიბლავს.

ელიკომ 1971 წელს ოჯახი შექმნა. მეუღლეც ხელოვანი იყო და სცენაზე იდგა. რაჭის კულტურულ ცხოვრებაში ახლადშესული გოგო, გიგა ჯაფარიძემ მალევე შეამჩნია და მისი სამსახიობო ნიჭი პირველად ისხააკ რიჟინაშვილისასიაში“ გამოსცადა-ასიას ვთამაშობდი, სულ ორი სიტყვა მქონდა სათქმელი,დღესაც მახსოვს ის ფრაზა- პარტნიორი მეკითხებოდა-თქვენ რას საქმიანობთ? მე უნდა მეპასუხა-„ჭურჭლის კლასიფიკაციას ვაკეთებ“..ამ ორი სიტყვის წარმოთქმას  ჩემი მომავალი სასცენო კარიერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, თუ კარგად გამომივიდოდა და გიგას მოეწონებოდა, სცენაზეც დავრჩებოდი “,-იხსენებს მომღერალი.

ელენემ ისე კარგად შეასრულა „ასიას“ როლი, რომ გიგა ჯაფარიძემ სპექტაკლში „ცხოვრება ქალისა“ მთავარი როლი მისცა. თუმცა ამან ახალგაზრდა ხელოვანს მომღერლობაზე უარი ვერ ათქმევინა და კვლავ არჩეულ გზას გაუყვა – „ 1967 წელს თბილისში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ოლიმპიადაზე წამიყვანეს. ისე ვიმღერე, კულტურის მაშინდელმა მინისტრმა, ცხონებულმა ოთარ თაქთაქიშვილმა იკითხა-„ეს ვინ არის?“. ჩემი ნიჭის კიდევ უფრო  რეალიზება  გიგა ჯაფარიძეს  ძალიან უნდოდა , თბილისში მასწავლებელთა სახლში სანდრო მირიანაშვილთან  მოსასმენად მიმიყვანა. სანდრომ რომ მომისმინა, კონსერვატორიის პროფესორს, ელენე ცერცვაძეს დაურეკა-„თქვენთან ახალგაზრდა ონელი გოგო მოვა და მოუსმინეო“. ახლაც მახსოვს მისი ემოცია -„ეს დაუშვებელია, ეს, არ შეიძლება, ეს უკვე თამარ გურგენიძის ხმაა“,-სიამაყით გვიყვება 72 წლის მომღერალი.

ელენე ცერცვაძემ გოგონას ერთი წელი მეცადინეობა შესთავაზა, ერთი წლის შემდეგ კი “ლასკალაში” წასვლა უწინასწარმეტყველა. საოპერო ჟანრის მომღერალი მაშინ მომავალ მეუღლეზე იყო შეყვარებული. სიყვარულმა დიდი სცენის წარმატების პერსპექტივას სძლია და დაოჯახდა კიდეც – „გათხოვების შემდეგ მართალია “ეთერის” არიაც დავამუშავე, მაგრამ ჩემს ქმარს არ უნდოდა, დიდ სცენაზე წავსულიყავი, ამიტომაც დავრჩი ასე“,– სინანულით ამბობს ჩვენი რესპოდენტი.

მოღვაწეობა რაჭის სცენაზე გააგრძელა. ელენე ნანიშვილის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას დამუშავებული კი არა, ბუნებრივი  ხმა აქვს. მთელი რაჭა პატივს სცემს და ეთაყვანება. ის დღესაც მღერის ანსამბლ „რაჭას” შემადგენლობაში.

მიუხედავად იმის, რომ საკუთარი შვილებით და შვილიშვილებით ბედნიერია, გული მაინც სწყდება – „ გული მწყდება, ახლა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს რომ გადავხედავ, ვფიქრობ, ამათთვის ნამდვილად ღირდა მსხვერპლის გაღება, მაგრამ ისიც ხომ შემეძლო, ჩემი ქვეყნისთვის სახელი და დიდება მომეტანა, მაგრამ არის ერთი მაგრამ…შეიძლება დიდი პოპულარობა მომეხვეჭა, თუმცა ჩემი ონელების ტაში ყველაფერს მირჩევნია“.

ელენე ნანიშვილის დიდი სურვილია, მთიანი რეგიონების კულტურას მეტი ყურადღება მიექცეს, რადგან თვლის რომ –„მარგალიტები მარტო ქალაქში არა,მთებშიც ბევრია“.

                                 მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები