Facebook-მა სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი მედიასაშუალებების მონიშვნა დაიწყო

Facebook-ის ადმინისტრაციამ ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების მთავრობებს დაქვემდებარებული მედიასაშუალებების მონიშვნა დაიწყო, – განაცხადა კომპანიის კიბერუსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნატანიელ გლეიჰერმა.

მისი თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს, არის თუ არა კონკრეტული მედიასაშუალება, რომელიც მათ ახალ ამბებს აწვდის, მთავრობის გავლენის ქვეშ.

ჯამურად, მონიშვნა – state-controlled media (“სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია”) 200-მდე გვერდს გაუკეთდება.

ამასთან, კომპანია შეერთებულ შტატებში მომუშავე მედიასაშუალებებს მსგავს მონიშვნას არ გაუკეთებს, რადგან, გლეიჰერის თქმით, მედიასაშუალებები, რომლებიც აშშ-ის სამთავრობო ორგანიზაციების მიერ არიან დაფუძნებულნი, სარედაქციო დამოუკიდებლობით სარგებლობენ.

Facebook-ში განმარტავენ, რომ მონიშვნის გაკეთებამდე მოხდება კვლევა და კრიტერიუმების გამოვლენა: მედიასაშუალების გაცხადებული მიზანი, მანდატი და საჯარო ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ განსაზღვრავს და ასრულებს მედიაორგანიზაცია გაცხადებულ ჟურნალისტურ მიზანს; მფლობელების სტრუქტურა. მათ შორის, ინფორმაციაც მედიამფლობელების, აქციების მფლობელების, მმართველთა საბჭოს წევრების, მენეჯმენტის, მთავრობის მიერ წამყვან პოზიციებზე დანიშნული პირების შესახებ; სარედაქციო პოლიტიკა. მაგალითისთვის, ხდება თუ არა წყაროების დივერსიფიცირება, რამდენად გამჭვირვალეა წყაროები და ა.შ.; ინფორმაცია ახალი ამბების დეპარტამენტის ხელმძღვანლებისა და თანამშრომლების შესახებ; დაფინანსებისა და შემოსავლის წყაროები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები