სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა- როგორ აფასებენ ონლაინსწავლებას კახეთში

სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. პედაგოგები და მშობლები დისტანციური სწავლების შეფასებაზე მსჯელობენ.
მეორე სემესტრში, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო, სწავლება ონლაინფორმატში წარიმართა, რასაც დადებითად აფასებენ თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებიც. მარიამ ყურაშვილი ინგლისურის მასწავლებელია და „რეგიონულ კვირასთან“ ახლად დანერგილი სწავლების ფორმატს აფასებს. პედაგოგის თქმით, მოსწავლეებისთვის კომპიუტერმა „სახე იცვალა“ და გასართობი ფუნქცია – შემეცნებითმა ღირებულებებმა ჩაანაცვლა.
„თავიდან ნამდვილოად ვფიქრობდი, რადგან ინგლისურ ენას ვასწავლი, ხომ არ გამიჭირდება-მეთქი, განსაკუთრებით მეშინოდა პირველი კლასების, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კარგად ჩაიარა ამ პერიოდმა. ბავშვებმა ბევრი სიმღერა, ლექსი ისწავლეს ონლაინ და საკმაოდ ხალისით დაამთავრეს სასწავლო წელი. აღსანიშნავია, რომ ადრე როდესაც კომპიუტერი მათთვის მოიაზრებოდა მხოლოდ თამაშის საშუალებად, ახლა გარდაიქმნა ცოდნის მიღების საშუალებად. ისწავლეს სხვადასხვა პროგრამა და ახლა უფრო აქტიურად არიან ჩართულები იმისთვის, რომ ცოდნა შეიძინონ უფრო მეტი, ვიდრე მეტი ითამაშონ“, – აბობს მარიამ ყურაშვილი.

პირველი კლასის მოსწავლის, ტასო აივაზაშვილის დედამ „რეგიონულ კვირასთან“ აღნიშნა, რომ დისტანციურ სწავლებაში თავდაპირველად ისეთი სახის პრობლემებს გადააწყდა, როგორებიცაა გაკვეთილებზე თამაში, მოუსვენრობა და დაბნეულობა, თუმცა ნათია ცისკაძის თქმით, გარკვეული დროის შემდეგ არსებული რეალობა შეიცვალა და საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეთა სრული ჩართულობით დასრულდა.
„თავიდან გაგვიჭრდა, იმიტომ რომ მშობლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც ახალი მეთოდი იყო. მაგრამ გარკვეული ეტაპის შემდეგ მივეჩვიეთ და ბავშვთან ერთად ჩართულობის შედეგად წელი სრულყოფილად დავასრულეთ“, – განმარტა ნათია ცისკაძემ.

თელავის მერიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფორისის, ლევან მრელაშვილის ინფორმაციით, სწავლების ახალმა ფორმატმა იმ მოსწავლეთა ჩართულობაც გაზარდა, რომლებიც კლასში სასწავლო პროცესის დროს ნაკლებად აქტიურები იყვნენ.

„ჩვენ ვრეკავთ მშობლებთან და ვამოწმებთ, რამდენად კმაყოფილები არიან სწავლების ამ მეთოდით და მასწავლებლებით. სხვათა შორის. უნდა გითხრათ, რომ ამ მეთდმა მშობლებშიც კეთილგანწყობა მოიპოვა, უსხედან თავიანთ შვილებს და ჩართულები არიან პროცესში. მასწავლებლებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვები, რომლებიც საკლასო ოთახში ისეთ აქტივობას ვერ იჩენდნენ, დღეს ონლაინგაკვეთლებისას საკმაოდ აქტიურები არიან“, – განაცხადა ლევან მრელაშვილმა.

მოსწავლის 2019-2020 სასწავო წლის წლიურ ქულად მის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა, მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული განისაზღვრება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს მიმდინარე სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არ აქვს, მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.
შემაჯამებელი ქულები უკვე დაწერილია მე-12 კლასებში, რადგან მათთვის სასწავლო პროცესი დასრულებულია.

სალომე გრძელიშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები