გიორგი გახარია: ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით
ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა რაიონში მცხოვრებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
“მოგეხსენებათ, რომ თეთრიწყაროს რაიონში დაწესებულია საკმაოდ მძიმე შეზღუდვები. ინფიცირების ბოლო შემთხვევა ჩვენ გვქონდა 22 მაისს, 22 მაისიდან დღემდე ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს 1 ინკუბაციის პერიოდს, არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში აქ ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე შეგვიძლია, გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით.
ამავე დროს, უნდა მოვუწოდოთ თეთრიწყაროელებს, რომ დავიცვათ მაქსიმალური სიფრთხილე და, რა თქმა უნდა, ერთმანეთი, ვიყოთ ძალიან ფხიზლად, ფრთხილად, რათა არ მოგვიწიოს კიდევ მსგავსი მძიმე შეზღუდვების მიღება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.