სურამში მინი სტადიონის მშენებლობა ივნისის ბოლოსთვის დასრულდება
სპორტული ინფრასტრუქტურის ფარგლებში, დაბა სურამში, ზინდისის დასახლებაში მინი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი გურასპაშვილმა დაათვალიერა.
მერის განმარტებით, პროექტის განხორციელების შემდეგ, მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრებისთვის კიდევ უფრო მეტი სივრცე შეიქმნება.
“მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ხაშურის მუნიციპალიტეტში მინი სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამჯერადაც, დაბა სურამში, ზინდისის დასახლებაში მინი სტადიონის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100000 ლარი გამოვყავით. მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების ხელშეწყობის ტენდენცია კვლავაც აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა.
სურამში მინი სტადიონის მშენებლობა ივნისის ბოლოსთვის დასრულდება. სპორტული მოედნით როგორც ადგილობრივი მცხოვრები, ასევე ჩამოსული სტუმრები ისარგებლებენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებასაც.