ლადო ბოჟაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესებულია იმით, რომ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალოს

საარჩევნო საკითხების სპეციალისტის, “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანლის, ლადო ბოჟაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესებულია იმით, რომ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალოს. ამის შესახებ ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„როგორი გასაკვირიც უნდა იყოს ჩვენი მსენელისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაინტერესებული იმით, რომ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალოს, სწორედ ის საარჩევნო სისტემა, რომლის ცვლილებაზე ძალიან ბევრი იშრომეს და იბრძოლეს; ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ისტორიული შეთანხმების ნაწილია, იგულისხმება 8 მარტის შეთანხმება, თუ არ შესრულდება, ეს იქნება ყველაზე კარგი „ნაციონალური მოძრაობისთვის” იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში უნდა ისაუბრონ, რომ დარჩა ძველი, უსამართლო სისტემა და ამ სისტემით ჩატარებული არჩევნები იქნება არალეგიტიმური.
თქვენ იცით, რომ 8 მარტის შეთანხმება ორივე მხარის შეთანხმებაა და ჩვენი დასავლელი პარტნიროები ორივე მხარეს მოუწოდებენ , აღნიშნული შეთანხმება შესრულდეს. პირველ ყოვლისა, იგულისხმება ის, რომ საპარლამენტო ოპოზიცია უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მიიღოს მონაწილეობა. გიორგი რურუას საკითხი არის საბაბი, რომელსაც ეცდებიან, გამოიყენონ და ამით გაამრთლონ პარლამენტში არმისვლა და ცვლილებებისთვის მხარის არდაჭერა. რაც მთავარია, მათ სურთ, მერე მუდმივად ისაუბრონ იმაზე, რომ ქვეყანაში მაინც არის ცუდი, არათანაბარი, უსამართლო საარჩევნო გარემო, ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, დამოუკიდებელი მედიის მფლობელი არის პოლიტპატიმარი“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში არის იმის რესურსი , რომ საკონსტიტუციო ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭრის გარეშე მიიღონ.

„თქვენ იცით, რომ საპარლამენტო პროცესი უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს საერთო -სახალხო განხილვები. უკვე ივნისის შუა რიცხვებიდან, ფაქტობრივად, პარლამენტს შეეძლება, საპარლამენტო განხილვების პროცესი დაიწყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი – იცით, „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ორი დამოუკიდებელი დეპუტატი ცალსახად აფიქსირებს პოზიციას, რომ აღნიშნულ საარჩევნო სისტემას ხმას არ მისცემენ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტში გამოიძებნება რესურსი და საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად მივიღებთ. იცით, რომ ასევე საუბარია საარჩევნო კოდექსში, სხვა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე და ეს პროცესიც დაწყებულია. ნამდვილად არავის ექნება საფუძველი იმისა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია და სამართლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები