პროკურატურამ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ. და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ.-მ განიზრახა მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდა არარეზიდენტი ფიზიკური პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ვ.ლ-მ დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობისა და მართვის მოწმობის ლეგალური/კანონიერი გზით მიღებაში სთავაზობდა დახმარებას.

რეალურად, ვ.ლ-ს მსგავსი მომსახურების გაწევა არ შეეძლო, იგი დაზარალებულებს მოტყუებით არიცხინებდა ფულად თანხებს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე.
აღნიშნული სქემით, 2017 წლის განმავლობაში, ვ.ლ. მოტყუებით დაეუფლა არარეზიდენტი პირების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს ვ.ლ. მათი წარმოშობის წყაროსა და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე, მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ათავსებდა მის მიერ დაფუძნებული ფიქტიური იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა საბანკო ოპერაციის გზით განკარგავდა.
ამ გზით, ვ.ლ.-მ პირადად და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით მოახდინა 255 782,2 აშშ დოლარის, 22 400 ევროს და 16 500 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიების მსვლელობისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის მიზნით, დაყადაღებულია სამი საცხოვრებელი ბინა, სამი ავტოფარეხი, ორი ავტომანქანა, 19 920 აშშ დოლარი და 1786 ლარი.

2020 წლის 02 ივნისს მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება). ხოლო ვ.ლ.-ს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება).
ვ.ლ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების 9-დან 12 წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირების მიერ ჩადენილი ქმედება ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები