გიორგი ვოლსკი: რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა – პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ”
„რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა – პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2″-ის ეთერში განაცხადა.
ვიცესპიკერის თქმით, საარჩევნო ცვლილებებს, რომლებზეც მსჯელობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიდის, შეჯამება სჭირდება და საზოგადოება მზად არის ამისთვის. მისივე თქმით, თუ ვერ იქნება მიღებული საარჩევნო ცვლილებები, ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემით, რაც არსებობს.
“გაცილებით უფრო დიდი საფრთხეებია ქვეყნის წინაშე, ვიდრე ის, რითიც ოპოზიცია იმუქრება და მუშტებს გვიქნევს. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მათ შვილებს და ჩვენს შვილებს არ შეექმნათ საფრთხე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არავის უთქვამს, რომ უგულავა და ოქრუაშვილი უდანაშაულოები არიან.
„რამდენი ხანია, მიდის მსჯელობა საარჩევნო სისტემის თაობაზე. რამდენჯერ იყო პოლიტიკოსების „ჯახი”, განხილვები. ამას ყველაფერს შეჯამება სჭირდება და მე არ მეჩვენება, რომ დაგვიანებულია. საზოგადოება მზად არის ამისთვის.
არავის უთქვამს, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არიან უდანაშაულოები, თვითონ არ უთქვამთ, ოქრუაშვილს განსაკუთრებით, პირდაპირ აღიარებით ჩვენება მისცა ღია ეთერში, რეალურად არც სასამართლოს გაუმართლებია, მითუმეტეს ჩვენ. მაგათ იცით, რა უნდათ? აი, ჩვენ მოვითხოვეთ, გამოუშვეს და აღიარეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავთ ქვეყანაში, პოლიტპატიმრები, წამება მაგ დროს იყო, გინდა ქუჩაში და გინდა საპყრობილეში. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა – პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.