უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან პირბადეების გამოყენების წესი და სოციალური დისტანცია

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საბჭოს წევრებმა განიხილეს შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა. კერძოდ, მუშაობა განაახლა ყველა სახის ღია მაღაზიამ, სავაჭრო ცენტრებმა, ღია და დახურული ტიპის ბაზრობებმა და ღია სივრცის მქონე რესტორნებმა. ამასთანავე, 29 მაისიდან მოძრაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულია მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა აუცილებელია შესაბამისი წესებისა და რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის, პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცირება, რათა ვირუსის გავრცელების რისკი თავიდან იყოს აცილებული. პრევენციული ღონისძიებებისა და დადგენილი სტანდარტების აღსრულებას შესაბამისი უწყებები პერიოდულად გააკონტროლებენ.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 8 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს ყველა სახის რესტორნის გახსნას, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედებასა და იმ სასტუმროების ამოქმედებას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმებას გაივლის და შესაბამის ნებართვას მიიღებს. სასტუმროებში ინსპექტირება უკვე დაწყებულია და აქტიურად გაგრძელდება.

ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ. აქტიური პრევენციული მოქმედებები და შესაბამისი კვლევები ტარდება თბილისში, ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული პირების მიმართულებით.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 794 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 624 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 508 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 300 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანლობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. საარჩევნო პროცესში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოწვეული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები