ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიწიოს
“სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს, თუმცა ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, განათლების სამინისტროსთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მივოჩნევთ, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს, თუმცა ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩაბარება უსაფრთხო პროცესი იქნება.
„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.