ამირან გამყრელიძე: გავისეირნე ქუჩებში, პარკებში და ვნახე, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს არც დისტანციას და არც პირბადეს იყენებს
“ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5,6,7,10 ადამიანი, გარე სივრცეშიც აუცილებელია პირბადის გამოყენება იმიტომ, რომ ინფექცია, ჯერჯერობით, ქვეყანაში არის და მისი გავრცელების საშიშროება არ მოხსნილა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია.
„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. ძალიან კარგია, რომ აქ ყველას გაქვთ პირბადეები. ეს კარგია, რომ პირბადეს იყენებთ და სწორად გიკეთიათ. ყველას მოვუწოდოთ, რომ გაიკეთონ პირბადე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მობილობა სერიოზულად გაიზარდა ქვეყანაში – მეტროში, ავტობუსში, სამარშრუტო მიკროავტობუსში და ა.შ. აუცილებელია პირბადის გამოყენება. თუ მე ვარ ინფიცირებული და მიკეთია პირბადე, ჩემთან ერთად მყოფ ჯანმრთელ ადამიანსაც უკეთია პირბადე, ალბათობა იმისა, რომ არ გადაგედოთ ინფექცია არის 95% ანუ მაღალი დაცულობა აქვს პირბადეს. თუ ერთს გვიკეთია და მეორეს არა, მაშინ ეს ალბათობა დაიწევს 50%-მდე. ამიტომ ეს მარტივი თვითდაცვის საშუალება ძალიან გთხოვთ, ყველამ ვატაროთ. მესმის, რომ რთულია სიცხეში. გუშინ გავისეირნე ქუჩებში, რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს არც დისტანციას და არც პირბადეს იყენებს. ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5,6,7,10 ადამიანი, გარე სივრცეშიც აუცილებელია პირბადის გამოყენება იმიტომ, რომ ინფექცია, ჯერჯერობით, ქვეყანაში არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილა“, – განაცხადა გამყრელიძემ.