არჩილ თალაკვაძე: საქართველომ დაამტკიცა, რომ რთულ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლია
„საქართველომ ეფექტურად შეძლო ვირუსის შეკავება და ეს იყო ხელისუფლების, ჯანდაცვის სამსახურების, საზოგადოების და ინსტიტუტების, მათ შორის, ისეთის, როგორიცაა ეკლესია და ჩვენი მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ერთიანი ძალისხმევის დამსახურება. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით კოვიდ19-ის გავრცელება აგვეყვანა სრული კონტროლის ქვეშ და მისი მასიური გავრცელება შეგვეჩერებინა”,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და ყურადღება რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა.
მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე ეკონომიკის სტაბილიზაციის და აღდგენის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიულ დღის წესრიგს დიდ ყურადღებას უთმობს.
„დღეს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკამ ტრილიონები დაკარგა, საქართველო დადგა სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების და ტესტის წინაშე.
შევეცდები მოქალაქეებს ძალიან მარტივად ავუხსნა თუ რაში მდგომარეობს ჩვენი გეგმის არსი. ჩვენი გეგმა მოიცავს სამ ძირითად ამოცანას: პირველი ეს არის დავეხმაროთ ადამიანებს, ანუ სოციალური დახმარების მიმართულება, აქ არის მთელი რიგი ნაბიჯები გაწერილი, როგორც კრიზისულ პერიოდში, ასევე მიდის მუშაობა გრძელვადიან ღონისძიებებზეც. მეორე ეს არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა, სადაც სექტორული დახმარების კონკრეტული გეგმები და პროექტები წარმოვადგინეთ – ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და დეველოპმენტი, განათლების სფერო, წარმოების ხელშეწყობა და სხვა. მესამე, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოება და დემოკრატია – სადაც ჩვენ, როგორც ხელისუფლება აღებულ ვალდებულებებს და პირობას ვასრულებთ – მუშაობს ინსტიტუციური დემოკრატია და პრემიერ-მინისტრის მოსვლაც პარლამენტში ამის ნაწილი იყო, ასევე ვაგრძელებთ მუშაობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე და საარჩევნო კოდექსის რეფორმაზეც – ვემზადებით დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. როდესაც დახმარების პროგრამას ვგეგმავდით, რასაკვირველია ჩვენ მოქალაქეებისთვის არ გვითქვამს, რომ მხოლოდ ამ დახმარებით ყველა კარგად იცხოვრებს. ჩვენ მოქალაქეებს ვუთხარით, რომ ეს არის ის, რაც სახელმწიფოს შეუძლია ახლა და ვუთხარით ისიც, რა შესაძლებლობებს ვქმნით სამომავლოდ წარმოების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის თუ სესხების თვალსაზრისით. სახელმწიფოს რითაც შეუძლია ეხმარება თავის მოქალაქეებს, ვინაიდან ამ მოქალაქეებს ეკუთვნის ეს სახელმწიფო და მათ თავადაც კარგად იციან რა გადასახადებს იხდიან და რა არის ამ ქვეყნის ბიუჯეტი და შესაძლებლობები”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.